რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს აპროტესტებს

 აშშ-ს კონგრესში შესული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი არ ასახავს ”ახალ რეალობას”, რომელიც ქვეყანაში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი. რუსეთის საგარეო უწყების თქმით, “თბილისის მიერ დაწყებული აგრესიის შედეგად ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო”  - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოიქმნა. ”ამის შემდეგ მათი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებად ჩათვლა არაკორექტული და არალოგიკურია,” ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს სენატის ზედა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი გასულ კვირას შევიდა. დოკუმენტში ამერიკელი სენატორები მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციის პროექტში სენატორები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვევობას აღიარებენ. ისინი რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და დე ფაქტო ლიდერებისგან იძულებით გადაადგილებულ პირთა სრული და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფას მოითხოვენ. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ გზა რეგიონის სტაბილურობისკენ მშვიდობას, ასევე ხანგრძლივ პოლიტიკურ და დიპლომატიურ დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს.

თბილისში რეზოლუციის პროექტი შეაფასეს, როგორც ”ვაშინგტონის საქართველოსადმი ჩამოყალიბებული მტკიცე პოზიციის გარანტი” და ”აშშ-ს მიერ რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება.” 

კომენტარები