განათლება

კერძო სკოლები – ბრძოლა არსებობისათვის

ცოტა ხნის წინ, განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ კერძო სკოლებისთვის „მოიცალა”. „ძალიან მაინტერესებს სწავლების დონე ამ სკოლებში. 20 მილიონ ლარს ვხარჯავთ. ამ 20 მილიონს ახლა ყელიდან ამოვუღებ!” – თქვა მან დირექტორებთან შეხვედრისას.

ამ თანხაში მინისტრი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ per capita – სულადობრივ – დაფინანსებას გულისხმობდა, რომელიც ვაუჩერული სისტემის სახელითაა ცნობილი. ამ მოდელის მიხედვით, ფინანსდება მოსწავლე და არა სკოლები, როგორც ეს ძველ სისტემაში ხდებოდა. მაშინ, სკოლებს მოსწავლეების რაოდენობის მიუხედავად აფინანსებდნენ. ზოგიერთი სკოლა სხვებზე უკეთეს დაფინანსებას კარგი კავშირებით მეშვეობით იღებდა.

ვაუჩერი რომ არა, კერძო სკოლა ბევრი მშობლისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა. სწავლების ნაწილს ისინი ვაუჩერის საშუალებით, ხოლო ნაწილს საკუთარი ჯიბიდან იხდიან. ვაუჩერის ფული გადასახადის გადამხდელთა ფულია. მშობელს სამინისტრო კი არა, გადასახადის გადამხდელი საზოგადოება აფინანსებს. სახელმწიფოს ფუნქცია კი ადმინისტრირებაა. ის კრებს ფულს, რომ მშობლამდე  მივიდეს. თავის მხრივ, მშობელს ეს ფული სკოლაში მიაქვს.

 ეს სისტემა საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესის დაწყებისთანავე დაინერგა. განათლების სპეციალისტის, სიმონ ჯანაშიას, განცხადებით, ამგვარი მიდგომის შემოღებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. საზოგადოების წევრებს უნდა გაეაზრებინათ, რომ ისინი თვითონ არიან სერვისის  შემსყიდველები. სერვისის მომწოდებლებს – სკოლებს – შორის კი კონკურენცია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას გამოიწვევდა. ასევე უნდა დამკვიდრებულიყო სამართლიანობა, რადგან მანამდე ორი მსგავსი სკოლა ერთსა და იმავე გეოგრაფიულ არეალში სხვადასხვა ოდენობის დაფინანსებას იღებდა. სკოლებს უნდა შეემცირებინათ არასათანადო ხარჯებიც. 

ვაუჩერული სისტემის იდეის  ხარვეზებით განხორციელებამ მას მიზნების მიღწევაში შეუშალა ხელი. დღეს საქართველოს სკოლების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სუბსიდიებზეა დამოკიდებული. ეფექტის მისაღებად ვაუჩერი სკოლების დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა ყოფილიყო.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, რომელსაც წყაროდ განათლების სამინისტრო მოჰყავს, ზაფხულის პერიოდში დამატებით 1200-მდე, ზამთარში კი 1400-მდე სკოლას (2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში სულ 2179 საჯარო სკოლა იყო) აფინანსებენ. განათლების სამინისტრომ ტაბულასთან ამ თემაზე გასაუბრება არ ისურვა.

გარდა ამისა, ვაუჩერი არათანაბარია: ქალაქის, სოფლის და მაღალმთიანი სკოლებისთვის სხვადასხვაა. თავი რომ დავანებოთ იმ მცირედ დასახლებულ რეგიონებს, სადაც დიდ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი სკოლაა და კონკურენცია ვერ იქნება, ან იმ სკოლებს, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვები სწავლობენ და ობიექტურად მეტი ფული სჭირდებათ, უთანასწორობაა ქალაქის ტიპურ სკოლებს შორისაც.

ქალაქის წარმატებულ სკოლას, რომელიც 400 ბავშვზე მეტის მიზიდვას ახერხებს, ვაუჩერის მოცულობას უმცირებენ. ისეთ სკოლებს კი, რომლებიც ბავშვებს ვერ იზიდავენ, უფრო დიდ ვაუჩერს აძლევენ, რათა არ დაიხუროს. ეს სკოლებს გაუმჯობესების მოტივაციას უმცირებს. ჩნდება კითხვა – რატომ უნდა დაიქირავოს სკოლამ საუკეთესო მასწავლებლები და აირჩიოს საუკეთესო წიგნები, თუკი მას წარმატებისთვის დასჯიან?!  გამოსავალი ამ სკოლებისთვის ვაუჩერის გათანაბრება იქნებოდა. წარუმატებელი სკოლა კი ან დაიხურებოდა, ან წარმატებულ სკოლას გადაეცემოდა სამართავად.

 რაც შეეხება კერძო და საჯარო სექტორს შორის კონკურენციას, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლის მოსწავლეებიც მინიმალურ ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ, თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის დირექტორის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, აბსოლუტურად არათანაბარ მდგომარეობაში არიან. ხშირად კერძო სკოლებს ვაუჩერით გათვალისწინებული თანხის ფართის ქირაში გადახდა უწევთ. ეს მაშინ, როდესაც საჯარო სკოლებისთვის ვაუჩერი შეიძლება არასაკმარისი, მაგრამ საოპერაციო ხარჯია და ისინი დამატებით სუბსიდიებსაც იღებენ ამა თუ იმ პროგრამის ფარგლებში. ეს, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, კერძო სკოლებს ისეთი სეგმენტების დაკავებისაკენ უბიძგებს, როგორიცაა, მაგალითად – მაღალი ხარისხი და მაღალი ფასი. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, თუ კერძო სკოლებისთვის ინფრასტრუქტურა უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა.

ვაუჩერული დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სკოლების ფუნქციონირებისათვის დედაქალაქის გარეუბნებსა და რეგიონებში. თეიმურაზ ბეიტრიშვილი, რომელიც მუხიანში მდებარე კერძო სკოლა პრომეთეს დირექტორია, ამბობს, რომ ვაუჩერით მიღებულ თანხას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ყველაფერზე თავად სკოლას უწევს ზრუნვა.

ვაუჩერი მისი ხარჯების 25-30%-ს შეადგენს. პრომეთეში სწავლების საფასური წელიწადში 950 ლარია. ბეიტრიშვილის თქმით, მინისტრის გამოთქმული შენიშვნა სწავლების ხარისხთან დაკავშირებით მის სკოლას არ ეხება, რადგან არც ერთ წელს ჩავარდნა არ ჰქონია. გასულ წელს მისმა 32-ვე კურსდამთავრებულმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებლებში და უმეტესობამ გრანტიც მიიღო.

იმაზე, რომ  მომხმარებლები კერძო სკოლებში სწავლების დონეს არ უჩივიან, ის მეტყველებს, რომ 2009-2010 წლის მონაცემებით, საქართველოში 283 კერძო სკოლაა და მათში დაახლოებით 48 ათასი მოსწავლე სწავლობს. ეს სკოლები საჯაროსთან შედარებით მეტი დამოუკიდებლობით სარგებლობენ. თუმცა, ლიცენზიას მათ სამინისტრო აძლევს და ეროვნული სასწავლო გეგმით ასწავლიან.

მეორე მხრივ, მინისტრის ჩივილი სწავლების ხარისხზე ლეგიტიმურიც შეიძლება იყოს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის შემთხვევაში. თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ პრობლემას სახელმწიფოს ჩარევა ვერ უშველის, რადგან პრობლემას სწორედაც რომ ჩარევა ქმნის.

შემდგომში იგი უფრო მეტი რეგულაციის მიზეზი ხდება – იქნება ეს მასწავლებლებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდა, თუ სახელმძღვანელოების კონტროლი. განათლების სამინისტრო სკოლებს უწესებს მასწავლებელთა დაქირავების სტანდარტებს, უმტკიცებს საშტატო განრიგს და სახელფასო განაკვეთებს. ითვლება, რომ ბიუროკრატმა სკოლაზე უკეთ იცის.

  სინამდვილეში პრობლემა ისაა, რომ სკოლებს გაუმჯობესების სტიმული არა აქვთ. მათ არ აკონტროლებს სამართლიანი კონკურენცია. ზოგადი განათლების დონის ასამაღლებლად კი სწორედ ამაზე დაფუძნებული განათლების სისტემის შექმნაა საჭირო.

კომენტარები