დევნილებმა კიდევ ერთი საპროტეტო აქცია გამართეს

პარლამენტთან დევნილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი თბილისში  კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან მათი გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ. საპროტესტო აქციას, რომელიც  არასამთავრობო ორგანიზაცია ”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” ორგანიზებით გაიმართა, ოპოზიციური პარტიები  ”ჩვენ თვითონ”, ”კონსერვატიული პარტია”,  ”ხალხის პარტია” და ”ქართული პარტია”,  ასევე სხვა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელმა, უჩა ნანეიშვილმა განაცხადა,  რომ დევნილების გამოსახლება იურიდიული პროცედურების დარღვევით ხდება. მისი თქმით,  გაფრთხილებები, რომელიც მათ  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიუვიდათ, ხელმოუწერელია და არც ბეჭედი აქვს დასმული. ”შესაბამისად, მისი გასაჩივრება შეუძლებელია,” აღნიშნა ნანეიშვილმა ”ამ გაფრთხილებებიდან ისიც კი არ ჩანს  რომელი უწყებიდან  არის გამოგზავნილი და ვის შეიძლება კონკრეტული პასუხი მოეთხოვოს,” დასძინა მან.

სუბელიანის უწყებამ კი დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც დევნილების  ნაწილი  ბინების უსამართლოდ მოთხოვნაში დაადანაშაულა. განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ დევნილთა დიდი ნაწილი, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აქციებს მართავენ, საცხოვრებელი ფართებით უკვე დაკმაყოფილებულია.

დევნილებმა საპროტესტო აქცია გუშინ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გამართეს. ისინი ე.წ. ”საახალწლო გამოსახლებების” შეჩერებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, სამინისტროდან მათ წერილობითი შეტყობინებები მიიღეს, რომ ახალ წლამდე თბილისში ჩასახლების ადგილები უნდა დატოვონ. 

კომენტარები