რუსული მედია: პუტინმა სააკაშვილს დაბადების დღის ”საჩუქარი” გაუკეთა

დღეს რუსეთის პრემიერ მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, პოკლონნაია გორაზე ქუთაისში გასულ წელს დემონტირებული ”დიდების მემორიალის” ანალოგი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, მემორიალის გახსნა 19 დეკემბერს, მემორიალის აფეთქებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე იგეგმობოდა. თუმცა, რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ცერემონია სპეციალურად დაამთხვია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს.

პოკლონნაია გორაზე მონუმენტის გახსნას ქართული არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძეც ესწრებოდნენ. ”მემორიალი ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზების დაწყების კარგ სიმბოლოდ იქცევა,” უთხრა პუტინმა მათ გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, იუწყება lifenews.ru. ”მოსკოვსა და თბილისს შორის ცუდი ურთიერთობები ახლა არავის სჭირდება,” უპასუხა ბურჯანაძემ.

თბილისში კი მემორიალის გახსნის ცერემონიალზე დასწრების გამო ნოღაიდელი და ბურჯანაძე მკაცრად გააკრიტიკეს. ”ეს მათი მხრიდან თავხედობა, ცინიზმი და უტიფრობაა,” განაცხადა დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ ”როდესაც ოკუპანტ ქვეყანაში ჩადიხარ და საბჭოთა მემორიალს ხსნი, ნიშნავს, რომ ამართლებ ოკუპაციას,” დასძინა მან.

ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის დემონტაჟი 2009 წლის 19 დეკემბერს მოხდა. მემორიალის აფეთქებას ორი ადამიანი - 42 წლის ეკა ცუცხვაშვილი და მისი 11 წლის შვილი,  ნინო ჯინჭარაძე ემსხვერპლა. ქუთაისის მემორიალის ადგილზე საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა შენდება. 

კომენტარები