გი მეთანი: რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების დაბლოკვის შემთხვევაში თბილისი იზოლაციაში მოექცევა

თუ  საქართველოს ხელისუფლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების დაბლოკვას გააგრძლებს, ის იზოლაციაში მოექცევა. ასეთი აზრი გამოთქვა შვეიცარია-რუსეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ჟენევის კანტონის პარლამენტის თავმჯდომარემ გი მეთანმა შვეიცარიულ გაზეთ ”Le Temps”-ისთვის  მიცემულ ინტერვიუში.  ”დასავლური კომპანიების დაინტერესება ივაჭრონ რუსეთთან მრავალჯერ აღემატება ინტერესს ფინანსური და მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ერთობ არაერთმნიშვნელოვან რეჟიმს,“ განაცხადა მან.

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ევროკავშირსა და აშშ-სთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა, რუსეთისთვის ვმო-ში გაწევრიანების  ბარიერად  საქართველო რჩება. თბილისს, რომელიც უკვე არის ორგანიზაციის წევრი, ვმო-ში ახალი წევრის მიღების შესახებ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება აქვს.

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ნიკა გილაურის პრეს სპიკერმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა გი მეთანის განცხადების კომენტირებისას ”ტაბულას”  განუცხადა, რომ ქართული მხარე მხარს დაუჭერს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში, თუ მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან არსებული საბაჟოების ლეგალიზება მოხდება. ”ეს მოთხოვნა სრულ შესაბამისობაშია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებთან. თუ რუსეთი ამ პირობას არ შეასრულებს, ის ვმო-ს წევრი ვერ გახდება,” აღნიშნა მჭედლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარია-რუსეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გი მეთანი 11 წლის წინ რუსეთი მოქალაქე გახდა და დღემდე ინარჩუნებს ორმაგ მოქალაქეობას.  ბოლო 7 წელია ის შვეიცარიაში რუსეთის ეკონომიკური და სავაჭრო ინტერესების უმსხვილეს ლობისტად ითვლება. 

კომენტარები