კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე აფეთქებისას დაჭრილი ორი სამხედროს მდგომარეობა მძიმეა

დღეს კრწანისის სამხედრო სასწავლო ცენტრში ნაღმტყორცნის ჭურვის აფეთქებისას დაჭრილი 13 ჯარისკაციდან  11 გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.  ექიმების ცნობით, ორი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მათ ოპერაცია რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში უტარდებათ.  საავადმყოფოს მთავარი ექიმის, პაპუნა ბახტაძის  განცხადებით, ერთ-ერთი ჯარისკაცი კისრის მიდამოშია დაჭრილი.  გორის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირებული   11 სამხედროს  მდგომარეობა კი, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დამაკმაყოფილებელია.

აფეთქებას, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, ”წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია,” 3 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. დაღუპულთა ვინაობას თავდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ ასახელებს.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება, შესაბამის ორგანოებს საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი აფეთქების სასწრაფო გამოძიება დაავალა.  თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.  საქმეს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებენ. 

კომენტარები