სოხუმი ევროკავშირთან ”საქართველოს გავლით” ურთიერთობაზე უარს ამბობს

 სოხუმი "სკეპტიკურად” არის განწყობილი ევროკავშირის მიერ შემუშავებული ფორმულის მიმართ ”ურთიერთობა აღიარების გარეშე.” ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ ღვინჯიამ საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ეს პოლიტიკა ფუთავს საქართველოს სტრატეგიას ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ევროპასთან, თუ ამ თანამშრომლობას საქართველოს გავლით არ მოგვახვევენ თავს,“ განაცხადა ღვინჯიამ.  მისი თქმით,  ევროკავშირთან საქართველოს გავლით თანამშრომლობას  აფხაზეთი არასოდეს დათანხმდება. ღვინჯიამ იმედი გამოთქვა, რომ  დასავლეთი ”ოდესმე შეცვლის თავის დამოკიდებულებას” აფხაზეთის აღიარების საკითხთან მიმართებაში. ”რეალობის იგნორირება ასე ხანგრძლივად შეუძლებელია. დასავლეთისა და ევროკავშირის მიერ აფხაზეთის არაღიარება მათი პრობლემაა და არა ჩვენი,“ აღნიშნა მან.

2009 წლის დეკემბერში ევროკავშირის პოლიტიკურმა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო შიდა მოხმარების, არასაჯარო დოკუმენტი ”აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ევროკავშირის არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის პარამეტრების შესახებ.” დოკუმენტი მიზნად ისახავს იმ პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის მოძებნას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ურთიერთობას დაამყარებს სეპარატისტულ რეგიონებთან ამ რეგიონების სტატუსის შესახებ ”წითელი ხაზების გადაკვეთის” გარეშე. 

კომენტარები