ხარჯების შემცირება პოლიტიკური თვითმკვლელობა არ არის

ქამრების მოჭერა რომ პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასია, ამის ბევრს სჯერა – პირველ რიგში თავად პოლიტიკოსებს. საზოგადოდ გავრცელებულია შეხედულება, რომ მთავრობა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტს მკვეთრად ამცირებს, მომდევნო არჩევნებზე მკაცრად ისჯება: ამომრჩეველი ხმას სხვას აძლევს. თუმცა კვლევებით ეს მოსაზრება არ დასტურდება. მეტიც, მათი უმეტესობა იმაზე მიუთითებს, რომ ხელგაშლილი ფისკალური პოლიტიკის გამტარებელი მთავრობები საშუალოზე მეტად აგებენ არჩევნებს.

არჩევნების შედეგებზე ფისკალური ხელმომჭირნეობის ეფექტის უახლესი კვლევა ჰარვარდის, კალიფორნიისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ჩაატარეს. ავტორებმა შეისწავლეს OECD-ის 19 მდიდარი ქვეყნის ფისკალური ისტორია 33 წლის მანძილზე (1975-2008). კვლევა აქცენტს აკეთებს იმ შემთხვევებზე, როცა მოცემულ პერიოდში, ამ ქვეყნებმა საბიუჯეტო დეფიციტი, სულ მცირე, მშპ-ს 1.5%-ით მაინც შეამცირეს.

ავტორებმა გააანალიზეს ამ პერიოდში OECD-ის ამ ქვეყნებში გატარებული ფისკალური კონსოლიდაციის ყველაზე მკაცრი 10 და შემდეგ – 5 ეპიზოდი. სიაში ის ქვეყნებიც მოხვდნენ, ვისაც გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგადაც მოუწიათ ქამრების საგრძნობლად მოჭერა – მაგალითად, ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია და პორტუგალია.

ავტორებმა ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება დაუკავშირეს არჩევნებს, რომელიც მკაცრი პოლიტიკის პერიოდში ან მის დასრულებამდე 2 წლის განმავლობაში იმართებოდა.

აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში სულ 19 ასეთი არჩევნები გაიმართა. ამათგან მხოლოდ 7 ანუ 37% მთავრობის შეცვლით დასრულდა. მკაცრი ფისკალური პოლიტიკით გამორჩეული მთავრობების არჩევნებში გამარჯვების სიხშირე საშუალო მაჩვენებელს დიდად არ ჩამოუვარდებოდა: 1957-2008 წლებში მდიდარ ქვეყნებში გამართული  ყველა არჩევნების ანალიზმა აჩვენა, რომ მთავრობების 40%-მა ყველა ეს არჩევნები წააგო.

სულ ამ პერიოდში, 19 მდიდარ ქვეყანაში საბიუჯეტო დეფიციტის მშპ-ს 1.5%-ით შემცირების 60 შემთხვევა იყო. აქაც, მთავრობების მიერ არჩევნების წაგების მაჩვენებელი – დაახლოებით 40%-ია.

როგორც გამოჩნდა, ფისკალური კონსოლიდაცია პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი სულაც არ არის. აქ ჩნდება კითხვა: მაინც რა გზით ჯობს დეფიციტის შემცირება?

CATO ინსტიტუტის კვლევის მიხედვით – რომელიც გუბერნატორებს ფისკალურ გადაწყვეტილებებში ნიშნებს უწერს – ოროსანი გუბერნატორები ფრიადოსნებს სჭარბობენ. ოროსანი გუბერნატორები, როგორც წესი, დეფიციტის შესამცირებლად გადასახადების გაზრდას ირჩევენ. ფრიადოსნები კი, პირიქით, გადასახადებსაც ამცირებენ და ხარჯებსაც. კვლევა აჩვენებს, რომ რესპუბლიკელები ფისკალურად უფრო პასუხისმგებლიანები არიან, ვიდრე დემოკრატები: ხარჯების შემცირების მხრივ, საშუალოდ მათი ქულა 100-დან 53-ია, დემოკრატებისა – 48. შემოსავლების ზრდის მიხედვითაც, რესპუბლიკელები 62 ქულით ლიდერობენ. იგივე მაჩვენებელი დემოკრატებისთვის 42 ქულაა.

ქამრების მოჭერა ანუ ხარჯების შემცირება, ან გადასახადების გაზრდა დეფიციტის შემცირების ორი ყველაზე გავრცელებული გზაა. არჩევნების შედეგებზე ფისკალური ხელმომჭირნეობის ეფექტის მკვლევრებიც ფისკალური კონსოლიდაციის 10 ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდს სწორედ ამ გზების მიხედვით აანალიზებენ.

ირლანდიამ 1986-1989 წლებში, კანადამ 1993-1997 წლებში, ფინეთმა 1993-1998 წლებში, ბელგიამ 1982-1987 წლებში და შვედეთმა 1994-2000 წლებში ხარჯები უფრო შეამცირა, ვიდრე გადასახადები გაზარდა. კვლევა აჩვენებს, რომ ხარჯების შემცირების შემთხვევაში, მთავრობებმა არჩევნების მხოლოდ 20% წააგეს. იგივე მაჩვენებელი იმ მთავრობებისთვის, ვინც დეფიციტის შესამცირებლად გადასახადების ზრდის გზა აირჩია, 56%-ია. ამომრჩეველს, როგორც ჩანს, ხარჯების შემცირების გზა უფრო მოსწონს, ვიდრე გადასახადების გაზრდა: პირველი გზა ამცირებს სახელმწიფოს მხრიდან კერძო ეკონომიკური აქტივობის მატერიალური შედეგების უზურპაციას; მეორე – იტაცებს კერძო ქონებას, აფერხებს კაპიტალის დაგროვებას და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას.

ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების პირობებში, ფისკალური კონსოლიდაცია ერთადერთი გამოსავალი ხდება. უახლესმა ფინანსურმა კრიზისმა კრიზისის ჰიპოთეზა კიდევ ერთხელ დაამტკიცა: ევროპის ისტორიაში ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ხელისუფლებაში კონსერვატორები მოვიდნენ. არჩევნებში მათი გამარჯვება სწორედ მკაცრმა ფისკალურ-პოლიტიკურმა პლატფორმამ გამოიწვია.

მაშინ რატომ გაურბიან პოლიტიკოსები ხარჯების შემცირებას?

სულ მცირე ორი მიზეზი მაინც არსებობს. პირველი, ხელისუფლებას უბრალოდ არ სურს რისკის გაწევა. ამიტომ ფრთხილად იქცევა და ურჩევნია, ფისკალური რეფორმა დროებით გვერდზე გადადოს. მეორე, ფისკალურმა რეფორმამ შეიძლება კონკრეტული ინტერესჯგუფების უკმაყოფილება და ხანგრძლივი საპროტესტო აქციები გამოიწვიოს.

სპეციალური ჯგუფები საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოს მეშვეობით ატარებენ. მათთან თანამშრომლობით ხშირად თავად სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოები არიან დაინტერესებულნი. ხშირად სახელმწიფო ორგანო, რომელიც ზოგადად საჯარო ინტერესების სამსახურისთვის იქმნება, თვითონ ცდილობს პოლიტიკური, კომერციული ან სხვა სარგებელი ნახოს იმ სექტორის ან ინდუსტრიისგან, რომლის რეგულირებაც ევალება.

ამ მიზნების მისაღწევად, ფართო ამომრჩეველზე მეტად ეფექტიანი კერძო ან სპეციალური ინტერესების მატარებელი ჯგუფები არიან. ასეთ ჯგუფებს, როგორც წესი, არ აკლიათ არც ორგანიზება და არც რესურსები. ადვილია მათი მობილიზება. ამასთან, პოლიტიკურად არ პასიურობენ – აქტიურობენ არჩევნებში, აფინანსებენ საარჩევნო კამპანიებს, ლობირებენ და ინიცირებას უკეთებენ კანონმდებლობას. საზოგადოების დიდ სეგმენტებს კი, პირიქით, გაბნეული ინტერესები აქვთ, იშვიათად იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, იშვიათად ან საერთოდ არ არიან ორგანიზებულები, მათი მობილიზება რთულია და ხშირად ფინანსური რესურსებიც არ გააჩნიათ.

ამდენად, ფართო ამომრჩევლის ინტერესები იწირება: სახელმწიფო ორგანო ატარებს მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც მოსახლეობის ძალიან ვიწრო სეგმენტს არგია. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მაშინ, როცა სპეციალური ინტერესის ჯგუფების მიერ ლობირებული კანონმდებლობა ცვლის ან უგულებელყოფს იმ მიზნებს, რის გამოც სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო შეიქმნა.

კერძო ინტერესების მიერ სახელმწიფო რეგულაციის უზურპაცია  შესაძლებელი ხდება – რადგან ის ჯგუფები ან ინდივიდები, რომლებზეც სახელმწიფოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად მოქმედებს, საკუთარ რესურსებსა და ენერგიას ახმარენ მათთვის სასარგებლო შედეგების მიღწევას. უბრალო მოქალაქეებს კი, მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ – გადაწყვეტილებების იგნორირება ან  სახელმწიფოზე ზეწოლა – მაგალითად, დემონსტრაციების ან მიტინგების გზით.

ეს რისკი იმაზე მიუთითებს, რომ მარეგულირებელი ორგანოები ან დაცულები უნდა იყვნენ გარე გავლენისგან ან საერთოდ არ უნდა არსებობდნენ: მხოლოდ კერძო ინტერესების დამცველ სახელმწიფო ორგანოს, ბევრად უფრო მეტი უბედურება მოაქვს, ვიდრე ზოგადად, რეგულირების არარსებობას.

კომენტარები