საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროსასამართლოში პროცესი დაიწყო

სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს მიერ  რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  განცხადებით, ევროპული სასამართლოს შვიდმა მოსამართლემ დღეს ქართული მხარის 6 მოწმე  დაკითხა, ხვალ კი  დარჩენილი 3 მოწმე დაიკითხება. შემდეგ კი მოსამართლეები რუსული მხარის მოწმეებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ზეპირ მოსმენას გამართავენ.

საქართველომ რუსეთის ფედერაციაში  2006 წელს ქართველების დაკავებისა და შემდეგ მათი ეთნიკური ნიშნით რუსეთიდან დეპორტირებისას ევროკონვენციის  რამდენიმე მუხლის დარღვევის ფაქტის გამო  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ  სარჩელი 2007 წელს შეიტანა.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, ქართული მხარე ევროსასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას ”პოზიტიურ შედეგს” ელოდება. ”ქართული მხარის მიერ სასამართლო პროცესის მოგების შანსი მაღალია, რადგან საქმე ობიექტურ ფაქტებს ეყრდნობა და ეს ფაქტები ყველასთვის ცალსახაა - რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე მოხდა,” აღნიშნა დღეს ტყეშელაშვილმა. 

კომენტარები