მთავრობა ინფალაციის ზემოქმედების შესამსუბუქებლად ელექტროენერგიის 20 ლარიან ვაუჩერებს არიგებს

მთავრობამ დღეიდან ყველა თვითმმართველ ქალაქში  ელექტროენერგიის 20–ლარიანი ერთჯერადი ვაუჩერების დარიგება დაიწყო.  16 თებერვლიდან პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.   ვაუჩერებს სახელმწიფოსგან დაახლოებით მილიონი ოჯახი მიიღებს, რომლებმაც 6 თვის განმავლობაში  ჯამურად არანაკლებ 200 კვტ ელექტროენერგია მოიხმარეს. ენერგეტიკის სამინისტროში მათ ” აქტიურ აბონენტებს” უწოდებენ. 

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ იმ აბონენტებს, ვისაც სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდებათ და 20 ლარიანი ვაუჩერიზაციის სიაში აქტიური მომხმარების გამო მოხვდნენ, შეუძლიათ საკუთარი ვაუჩერები გადასცენ იმ პირებს, ვისაც ეს დახმარება ესაჭიროება. ვაუჩერზე მითითებული იქნება  აბონენტის ნომერი. ენერგოვაუჩერის სხვა აბონენტზე გადაცემის შემთხვევაში, მჩუქებელმა  ვაუჩერზე უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და დაადასტუროს ხელმოწერით, ასევე უნდა მიუთითოს იმ აბონენტის პირადი ნომერიც ვისაც ვაუჩერს გადასცემს.   ვაუჩერის დარიგებას სოციალური მომსახურების სააგენტოს 2 500 თანამშრომელი უზრუნველყოფს. ენერგოვაუჩერებთან დაკავშირებით ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სამინისტროში სპეციალური ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელზეც დაინტერესებულ პირებს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

მთავრობის განცხადებით,  ელექტოენერგიაზე 20 ლარიანი შეღავათების დაწესება მოქალაქეებისთვის  ინფლაციის ზემოქმედების შემსუბუქებას  ისახავს მიზნად.

"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს წლიური ინფლაციის დონე იანვარში 12.3%–მდე გაიზარდა, რაც, ძირითადად, სურსათზე და საწვავზე ფასების ზრდითაა განპირობებული. გარდა ამისა, ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი გახდა  დედაქალაქის მოსახლეობისთვის წყლის გადასახადის და საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების მომატება.  თბილისის მერიამ იანვრიდან დასუფთავების ყოველთვიური გადასახადიც გაზარდა. გარდა ამისა, თებერვლიდან ძალაში შევიდა ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და დასუფთავების საფასურის გადახდის ინტეგრირებული სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი  წყლის და დასუფთავების გადასახადს არ გადაიხდის, მას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.  

კომენტარები