მუბარაქის გამოსვლით იმედგაცრუებული ეგვიპტელები უპრეცედენტო აქციების გამართვას გეგმავენ

ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციების მეთვრამეტე დღეს ეგვიპტეში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლით  იმედგაცრუებული ეგვიპტელების საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქ ქაიროში მთელი ღამე გაგრძელდა. დილიდან ტაჰრირის მოედანზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. პარასკევის ლოცვების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო საპროტესტო აქციების დაწყებას ელოდებიან.

ხუთშაბათს საღამოს ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ცნობა, რომ შესაძლოა, 82 წლის პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაეკეთებინა განცხადება. გვიან საღამოს ეგვიპტის სახელმწიფო არხის პირდაპირ ეთერში მუბარაქმა მოსახლეობას მიმართა, თუმცა პოსტიდან წასვლის შესახებ არაფერი უთქვამს. მან განაცხადა, რომ თავისი უფლებამოსილებების ნაწილს ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრს, ომარ სულეიმანს გადასცემს, ხოლო თვითონ სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე თანამდებობას არ დატოვებს.

”ვიმეორებ, მე მთელი ცხოვრება ამ ქვეყანაში გავატარე და მის წინაშე თავს პასუხისმგებლად ვგრძნობ. მე დავრჩები ეგვიპტის ხელისუფლების სათავეში, სანამ არ მოხდება ხელისუფლების გადაცემა. ეგვიპტე ჩემი დაბადების ადგილია და აქვე დავასრულებ ჩემს ცხოვრებას,” განაცხადა მუბარაქმა, რომელიც ქვეყანას ბოლო 30 წელია მართავს.

პრეზიდენტის განცხადებებს ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი საპროტესტო შეძახილებით შეხვდა. დემონსტრანტებმა ფეხსაცმელები გაიხადეს და ჰაერში აიქნიეს - ეს არაბულ სამყაროში უდიდეს შეურაცხყოფად ითვლება. “არც მუბარაქი გვინდა, არც სულეიმანი!” - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მუბარაქის სატელევიზიო მიმართვის დასრულებისთანავე აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. აშშ-ს პრეზიდენტმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. ”მთავარია, ხელისუფლებამ თავისი ხალხის მოთხოვნებს რეპრესიებით და სისასტიკით არ უპასუხოს,” აღნიშნა ობამამ.

პარასკევის ლოცვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ეგვიპტის უმაღლესმა სამხედრო საბჭომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც კი ამჟამინდელი დაძაბულობა შეიცვლება, 29 წლის წინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება.  სამხედრო საბჭომ პირობა დადო, რომ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას უზრუნველყოფს. არმიამ მოსახლეობას მოუწოდა ”ნორმალურ ცხოვრებას” დაუბრუნდნენ. 

კომენტარები