ინფლაციით ინფლაციის დამთრგუნველი

10 თებერვლიდან საქართველოში თითოეული ოჯახი ელექტროენერგიის 20-ლარიან, ერთჯერად ვაუჩერს მიიღებს. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის თქმით, ამ პროგრამისთვის დაახლოებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთავრობის განმარტებით, ვაუჩერების დარიგება ანტიინფლაციური ზომაა. 

 
სულ მცირე, ორი შეკითხვა ჩნდება:
რატომ აფინანსებს მთავრობა განურჩევლად ყველას, ვისაც ეს სჭირდება და არ სჭირდება? საქართველოში 880 ათასი უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს. ეს ის მოქალაქეები არიან, ვისთვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუკი სახელმწიფო დახმარების თანხას მხოლოდ ამ ადამიანებზე გათვლიდა, ის შეძლებდა მათ ან მეტი ხნით ან მეტი თანხით დახმარებოდა, ან თვითონ დახმარების ხარჯი შეემცირებინა – ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე ნაკლები გამოეყო.
 
საიდან აპირებს მთავრობა ამ თანხის მოტანას? 2011 წლის ბიუჯეტი მთავრობამ ქამრების მოჭერის პრინციპით დაგეგმა და მიზნად დეფიციტის 6%-დან 4.3%-მდე შემცირება დაისახა. შემცირებული ხარჯების პირობებში, ბიუჯეტში წინასწარ გაუთვლელი ღონისძიების 20 მილიონი ლარით დაფინანსება, ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: მთავრობამ ან რომელიმე სხვა სფეროს უნდა მოაკლოს ეს ფული და ერთჯერად დახმარებაზე დახარჯოს, ან დამატებითი ფული უნდა დაბეჭდოს, რომ ეს ვალდებულება დააფინანსოს. მეორე შემთხვევაში, ერთჯერადი ვაუჩერების გაცემა ანტიინფლაციურის ნაცვლად, სწორედ ინფლაციური ზომა იქნება.
 
ბოლო პერიოდში, ფულის მასამ ქვეყანაში თითქმის 6-ჯერ, ხოლო ფასებმა თითქმის ორჯერ მოიმატა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ დეკემბერში 11.2%-ს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები