ლიგა სიურპრიზებით და რეკორდებით

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი დღე დაძაბული, დრამატული და ძალიან საინტერესო გამოდგა. მილანმა ბევრისთვის მოულოდნელად სახლში ტოტენჰემთან 0:1 წააგო. ვალენსიამ ვერაფერი მოუხერხა სტუმარ შალკეს და ფრედ 1:1 ეთამაშა. ამ ანგარიშებმა განმეორებითი შეხვედრების წინ დიდი ინტრიგა დატოვა.

მესტალიაზე გამართულ დაპირისპირებაში, ვალენსიელები რობერტო სოლდადოს მეჩვიდმეტე წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ. აი ამის შემდეგ კი ისტორიული ფაქტი მოხდა. მატჩის 64-ე წუთზე ანგარიში ლეგენდარულმა რაულმა გაათანაბრა.

ვეტერანმა ესპანელმა წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე მესამე გოლი მიითვალა. ეს მის მიერ გატანილი 71-ე გოლი გამოდგა ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო ტურნირზე. ამ მაჩვენებლით ის ერთპიროვნული ლიდერია. რაც მთავარია, ის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა უეფას საკლუბო ტურნირების ისტორიაშიც, მასზე ერთი გოლით ნაკლები ფილიპო ინძაგის აქვს გატანილი. ოღონდ იტალიელს თავისი 70 გოლი უეფას სხვადასხვა ტურნირებზე აქვს დაგროვებული, რაულს კი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე.

გუშინდელი დღის მეორე შეხვედრაში, რომელიც მილანში სან სიროზე გაიმართა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა. თუმცა სტუმრებმა მეოთხმოცე წუთზე მილანელები კონტრშეტევაზე დაიჭირეს, აარონ ლენონმა მთელი მოედანი გაირბინა, ბურთი პიტერ კრაუჩს მიაწოდა და 2-მეტრიანმა ინგლისელმაც ფეხით მშვიდად გაიტანა გოლი მარკო ამელიას კარში.

თამაშის დროს და თამაშის შემდეგაც, რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია ტოტენჰემის სათადარიგოთა სკამთან. ჯენარო გატუზომ პირველად შეხვედრის დროს მოსდო ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ჯო ჯორდანს, მეორედ კიდევ, უკვე თამაშის დასრულების შემდეგ უთავაზა.

ამ საქციელისათვის იტალიელი ფეხბურთელი სავარაუდოდ დისკვალიფიკაციასაც მიიღებს. თუმცა ერთი უკვე გადაწყვეტილია, გატუზო ლონდონში საპასუხო შეხვედრაში ისედაც ვერ ითამაშებს - ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და დასვენება გამოიწერა.

ისე, როგორც ჩანს, თამაშის დასრულების შემდეგ ჯენარო მალევე მოეგო გონს  და ჟურნალისტების წინაშე საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა. ერთი კი აღნიშნა, რომ მის პროვოცირებას მთელი შეხვედრის მანძილზე ცდილობდნენ და მასაც სხვა გზა აღარ დარჩენოდა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენხნიან სასჯელს გამოუტანს უეფას სადისციპლინო კომიტეტი 33 წლის ვეტერან იტალიელს.

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება - არსენალი ლონდონში ბარსელონას, რომა კი სტადიო ოლიმპიკოზე დონეცკის შახტარს უმასპინძლებს.

კომენტარები