ეგვიპტეში გამარჯვების მარში იმართება, ლიბიაში - მრისხანების დღე

ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის გადადგომიდან ერთი კვირის თავზე ათასობით ადამიანი ქაიროში კვლავ ტაჰრირის მოედანზე შეიკრიბა.  აქციის ორგანიზატორების თქმით, ”გამარჯვების მარში” რევოლუციისა და მისი მოთხოვნების დასაცავად ტარდება. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით ქაიროს ცენტრში საზეიმო განწყობა სუფევს.

ეგვიპტელების ”გამარჯვების მარშის” პარალელურად,  ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთის ორ ქვეყანაში - ბაჰრეინსა და ლიბიაში, სადაც კვირის განმავლობაში მომხდარ არეულობებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ბაჰრეინში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია დღეს მასობრივ აქციაში გადაიზარდა. უცხოური მედიის ცნობით, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს და სამართალდამცველები დემონსტრანტებს შორიდან ადევნებენ თვალყურს.

ლიბიაში კი უკვე მეორე დღეა მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით იმართება დემონსტრაციები სახელწოდებით ”მრისხანების დღე.” კადაფი ლიბიას უკვე ორმოცი წელია მართავს. ლიბიის რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ძალა გამოიყენა. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, დაპირისპირებების შედეგად 24 ადამიანი გარდაიცვალა. 

კომენტარები