ეგვიპტის პრემიერის გადადგომაზე ინფორმაცია სამხედრო საბჭომ ფეისბუქით გაავრცელა

ეგვიპტის პრემიერ მინისტრი აჰმედ შაფიქი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა, ჰოსნი მუბარაქმა გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დანიშნა, დღეს თანამდებობიდან გადადგა. ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ, რომელიც ქვეყანას 11 თებერვლის შემდეგ  მართავს, ამის შესახებ პირველი ცნობა ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა. სოციალურ ქსელზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნა საბჭომ ყოფილ ტრანსპორტის მინისტრს, ესამ შარაფს დაავალა.
 
ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ ეგვიპტეში საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა სწორედ შაფიქის და მინისტრთა კაბინეტის იმ წევრების გადადგომა იყო, რომლებსაც თანამდებობები მუბარაქის პრეზიდენტობის დროს ეკავათ. ეგვიპტის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, მუჰამედ ელ ბარადეი ეგვიპტის პრემიერ მინისტრის გადადგომას ასევე სოციალური ქსელის, ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა. ”დღეს ძველი რეჟიმი საბოლოოდ დაემხო. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. მადლობელი ვარ უმაღლესი საბჭოსი იმისთვის, რომ ხალხის აზრი გაითვალისწინა,” აღნიშნა ელ ბარადეიმ.

კომენტარები