თბილისი და მოსკოვი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ

რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 9 მარტს, ბერნში გაიმართება.   ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებებს, რომლის დაწყებაც რუსული მხარის ინიციატივა იყო,  საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატი აწარმოებს, ქართულ დელეგაციას კი ბერნში თამარ კოვზირიძე უხელმძღვანელებს.

თბილისსა და მოსკოვს შორის რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტის  სპეციალურმა თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის საკითხების კურატორმა, მაიკლ მაკფოლმა გააკეთა განცხადება. მან აღნიშნა, რომ  საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები ”ორმხრივი საკითხია, რომელშიც ვაშინგტონი არ ჩაერევა.” მისი თქმით, მოსკოვს უნდა ესმოდეს, რომ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგეს და რომ ვაშინგტონის მხრიდან თბილისზე ზემოქმდებას არ უნდა ელოდოს, რადგან ”ვაშინგტონი ამის გაკეთებას არ აპირებს.”

 ობამას მრჩეველმა ქართულ მხარეს მოუწოდა რომ   აქცენტი ”ვაჭრობასთან დაკავშირებულ  კონკრეტულ თემებზე გააკეთოს და საკითხი უფრო ფართო დებატების საგნად არ გადააქციოს” . მაკფოლმა  ასევე აღნიშნა, რომ  მოსკოვსაც და თბილისაც განემარტათ ვაშინგტონის პოზიცია, რომ  ”რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ამერიკის ეროვნულ ინტერესში შედის.”

ქართველი ოფიციალური პირები  ბერნში 9 მარტისთვის დაგეგმილ შეხვედრამდე მოლაპარაკებების დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებენ, თუმცა 2010 წლის დეკემბერში პრემიერ მინისტრის პრეს სპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა  ჟურნალ ”ტაბულას” განუცხადა, რომ  ქართული მხარე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან არსებული საბაჟოების ლეგალიზება მოხდება. ”ეს მოთხოვნა სრულ შესაბამისობაშია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებთან. თუ რუსეთი ამ პირობას არ შეასრულებს, ის ვმო-ს წევრი ვერ გახდება,” აღნიშნა მჭედლიშვილმა.

კომენტარები