ჟაკ შირაკს კორუფციის ბრალდებით ასამართლებენ

დღეს საფრანგეთში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის სასამართლო პროცესი დაიწყო. სამართალდამცველების განცხადებით, პარიზის მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 1977-1995 წლებში, შირაკი თანამდებობრივ უფლებამოსილებებს აჭარბებდა და პარიზის ბიუჯეტიდან თანხებს საკუთარი პარტიის დასაფინანსებლად იყენებდა.  მას ასევე ბრალად ედება პარიზის მერიაში 28 ფიქტიური სამუშაო ადგილის შექმნა მმართველი პარტიისთვის შემოსავლების გაზრდის მიზნით. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ფრანგული მედიის ცნობით, ჟაკ შირაკს ალცჰეიმერის დაავადება აწუხებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას შირაკის მეუღლემ ეს ინფორმაცია უარყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 78 წლის შირაკს 10-წლიანი პატიმრობა და 150 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება. თუმცა, სამართლის სპეციალისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა შირაკმა სასჯელი ციხეში მოიხადოს. ჟაკ შირაკი საფრანგეთის პირველი ექს-პრეზიდენტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვინც სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას პრეზიდენტის პოსტი 1995-დან 2007 წლამდე ეკავა. 

კომენტარები