ქართველები დალაგდნენ და რუმინელებს ელიან

შაბათს, 12 მარტს ერთა თასის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში რუმინელებს დაუხვდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა რიჩი დიქსონმა ტრადიცია არ დაარღვია და 22-კაცა შემადგენლობა შეხვედრამდე 2 დღით ადრე გამოაცხადა.

გუნდს ხანგრძლივი პაუზუს შემდეგ დაუბრუნდა მონპელიეს მესამეხაზელი მამუკა გორგოძე. მიუხედავად ხანგრძლივი სანაკრებო შესვენებისა, ”გულივერას” ბორჯღალოსნების შემადგენლობაში მაინც ყველაზე მეტი ლელო აქვს დადებული - 18.

მის გარდა განაცხადში კიდევ ორი ისეთი მორაგბე მოხვდა, რომლებსაც წელს ნაკრების შემადგენლობაში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია - პირველხაზელი გიორგი ჟღენტი და მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე.

ტრავმით გამოწვეული ერთმატჩიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა ვეტერანი მესამეხაზელი გია ლაბაძე. სათადარიგოთა სკამიდან ძირითადში გადმოინაცვლა ნაკრების მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა. მან ადგილი ლაშა მალაღურაძეს გაუცვალა.

უკანა ხაზში ეს ერთადერთი ცვლილება არაა. 15 ნომრის პოზიციაზე ახალგაზრდა ბექა ურჯუკაშვილი გამოცდილმა ბესიკ ხამაშურიძემ შეცვალა. შეკრებაზე გუნდთან ერთად მყოფი ურჯუკაშვილი კი ამჯერად განაცხადში ვერ მოხვდა. მწვრთნელებმა თავის გამოჩენის შანსი ქუთაისელ ირაკლი ჩხიკვაძეს მისცეს.

შერკინების პირველ ხაზში ჰუკერად დადგება ჯაბა ბრეგვაძე. პორტუგალიასთან ძირითადში მყოფი აქვსენტი გიორგაძე ნაკრებთან ერთად არ იმყოფება. რეზერვში კი დაჯდა ირაკლი ნატრიაშვილი.

საქართველოს ნაკრები:
15. ბესიკ ხამაშურიძე 14. ირაკლი მაჩხანელი 13. დავით კაჭარავა 12. თედო ზიბზიბაძე 11. ლექსო გუგავა 10. მერაბ კვირიკაშვილი 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპიტანი) 8. მამუკა გორგოძე 7. გია ლაბაძე 6. შალვა სუთიაშვილი 5. ვახტანგ მაისურაძე 4. ლევან დათუნაშვილი 3. დავით ზირაქაშვილი 2. ჯაბა ბრეგვაძე 1. დავით ხინჩაგაშვილი. სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი 17. გიორგი ჟღენტი 18. გიორგი ნემსაძე 19. გიორგი ჩხაიძე 20. ბიძინა სამხარაძე 21. ირაკლი ჩხიკვაძე 22. ლაშა მალაღურაძე

კომენტარები