სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ბაჰრეინში სამხედრო ძალები შეიყვანეს

სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, ბაჰრეინში შეიარაღებული ძალები გააგზავნა. არაბული ქვეყნების ეს ნაბიჯი ბაჰრეინში გუშინ მომხდარ  დაპირისპირებებს მოჰყვა. კვირას ბაჰრეინის დედაქალაქში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად  ათობით ადამიანი დაშავდა. გასულ თვეს კი დემონსტრანტებსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შორის შეტაკებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. საუდის არაბეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ ბაჰრეინში დღეს 1000 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნეს.

უცხოური მედიის ცნობით, საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების ეს დანაყოფი სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ნაწილია. საბჭოში ექვსი ქვეყანა შედის - ბაჰრეინი, საუდის არაბეთი , ქუვეითი, ომანი, ყატარი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ოფიციალური ინფორმაციით, ბაჰრეინში გაგზავნილი შეიარაღებული ძალების მოვალეობა გაზისა და ნავთობის საკვანძო ცენტრებისა და ფინანსური ინსტიტუტების დაცვაა. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები ბაჰრეინში ქვეყნის ხელისუფლების თხოვნით გაიგზავნა.

გაზეთ გარდიანის კორესპონდენტი იუწყება, რომ ამ წუთებში ბაჰრეინის დედაქალაქის, მანამას მთავარ მოედანზე კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იწყება. 

კომენტარები