ქართველი მეღვინეები ონიშჩენკოსთან შეხვედრას უარყოფენ

რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ის დღეს ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა.  საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსთან” საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბიზნესმენები მზად არიან ითანამშრომლონ რუსულ მხარესთან და რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დასაბრუნებლად ყველა საჭირო პროცედურა გაიარონ.   ”კრიტერიუმი ერთია - თუ პროდუქტი იქნება ხარისხი, ისინი ბაზრაზე დაიშვებიან,” განაცხადა მან. სააგენტო ”ინტერფაქსის” ინფორმაციით,  ონიშენკოს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

”ტაბულა” ქართული ღვინის  სამ უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანიას დაუკავშირდა.  ”თელიანი ველის”,  ”ბაგრატიონი 1882”-ის და ”თბილღვინოს” მენეჯერების განცხადებით, ონიშჩენკოსთან არათუ შეხვედრა, საუბარიც კი არ ჰქონიათ. ”თელიანი ველის” გენერალურმა დირეტორმა  შოთა ხობელიამ და  ”თბილღვინოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა განაცხადეს, რომ არც ონიშჩენკოსთან და არც მისი უწყების რომელიმე წარმომადგენელთან  2006 წლის შემდეგ არ უსაუბრიათ.  

კომპანია ”ბაგრატიონი 1882”-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, რომ 2007 წელს  ”ბაგრატიონი 1882”-ის დაკვეთით რუსეთში ბაგრატიონი 1882-ის ღვინოების ექსპოტიორი კომპანია მოლაპარაკებას აწარმოებდა ონიშჩენკოს უწყებასთან ემბარგოს დაწესებამდე რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ქართული ღვინის გაყიდვის უფლების მოპოვების მიზნით. რამიშვილის თქმით, მისმა კომპანიამ სასამართლოშიც კი უჩივლა ონიშჩენკოს უწყებას. ”მიუხედავად სრული აბსურდისა და ყველა კანონსა და ნორმის დარღვევისა, პროცესი მაინც წავაგეთ. ეს პოლიტიკური საკითხი იყო,” განაცხადა ”ტაბულასთან” საუბრისას რამიშვილმა და დასძინა, რომ მას შემდეგ ”ბაგრატიონი 1882” რუსულ მხარესთან კონტაქტი არ ჰქონია.  რამიშვილის თქმით,  შესაძლოა,  ონიშჩენკო იმ კომპანიებს შეხვდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ქართული დასახელების ღვინოებს აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ რუსი ექსპერტების მტკიცებით, სწორედ რუსეთში დამზადებული ქართული ღვინოებია ფალსიფიცირებული და უხარისხო. მათი თქმით, ფალსიფიკატორებთან ბრძოლა სახელმწიფოს მოვალეობა, რომელზეც  რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა უარი თქვა. ”იმის ნაცვლად, რომ რუსეთში არსებულ ფალსიფიკაციასთან ებრძოლათ, რუსული ბაზრიდან ონიშჩენკოს გადაწყვეტილებით გააძევეს ნამდვილი, ხარისხიანი ქართული ღვინოები და დატოვეს რუსეთში ჩამოსხმული ფალსიფიკაცია, რომელსაც ქართულ ღვინოსთან ზუსტად იმდენივე აქვს საერთო, რაც ცას მიწასთან” განაცხა რუსეთის სომელიეთა ასოციაციის წევრმა, არტიომ ტუზმუხამედოვმა.

 

კომენტარები