უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან კავშირი უარყო. დღეს კუჩმა  2000 წელს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკითხვაზე უკრაინის გენერალური პროკურატურის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტში გამოცხადდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ”სრულიად მშვიდად” არის. ”მშვიდად ვარ, გულწრფელად გეუბნებით. მე დღეს მორალურად მზად ვარ ყველანაირ ჯოჯოხეთურ წამებას გავუძლო, რათა დავამტკიცო, რომ უდანაშაულო ვარ,” განაცხადა დაკითხვამდე რამდენიმე წუთით ადრე კუჩმამ ”მსურს, რომ უკრაინის ისტორიაში მხოლოდ სიმართლე დარჩეს - ის თუ რა გავაკეთე ქვეყნისთვის და რა არ გამიკეთებია,” დასძინა მან.

22 მარტს უკრაინის გენერალური პროკურატურის პირველმა მოადგილემ, რენატ კუზმინმა განაცხადა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. კუზმინის თქმით, კუჩმა ეჭვმიტანილია სამსახურეობრივი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო დავალებების გაცემაში, რამაც, გამოძიების მტკიცებით, ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობა გამოიწვია. 

კომენტარები