საფრანგეთში ელიტ-რაუნდს ფრანგებით ვიწყებთ

 საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის გათამაშებაში დღეს ჩაებმება. კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილი გუნდი საფრანგეთის ქალაქ ნანტში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. თამაშის მთავარი მსაჯი ბერძენი ანასტასიოს სიდიროპულოსი იქნება.

ამ ორ ნაკრებთან ერთად მეექვსე ჯგუფში კიდევ ორი ქვეყნის 17-წლამდელები თამაშობენ - ნორვეგიელები და ბელორუსები. მათი დაპირისპირებაც დღეს ჩატარდება.

ჩვენი ნაკრები მომდევნო შეხვედრას 27 მარტს ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ტურნირს კი 30 მარტს ნორვეგიის ნაკრებთან მატჩით დაასრულებს.

მოსამზადებელი ეტაპის დასასრულს, ზუსტად საფრანგეთში გამგზავრების წინა დღეს ტრავმა მიიღო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა, რომელიც გუნდს ვერ დაეხმარება.

უკვე საფრანგეთში ჩასულ ნაკრებს შეუერთდნენ ლეგიონერები - მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი და ბელგიური ბეერსხოტის თავდამსხმელი ნიკა ტარყაშვილი.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები:

მეკარეები: გიორგი თებიძე (ოლიმპი), გიორგი ბერია (მერანი, მარტვილი)

მცველები: ნიკა სანდოხაძე (დინამო), დაჩი ცნობილაძე (ოლიმპი), სულხან კახიძე (ქობულეთი), ცოტნე მონიავა (მერანი, მარტვილი), სანდრო ჭიღვარია (35-ე სკოლა), დავით მთივლიშვილი (35-ე სკოლა)

ნახევარმცველები: ლუკას ჰუფნაგელი (ბაიერნი, გერმანია), ნიკა დიასამიძე (ბათუმი), თემურ მარკოზაშვილი (მერანი, თბილისი), გოგი გოგიჩაიშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ავთო ენდელაძე (ბაია, ზუგდიდი), შალვა ექვთიმიშვილი (35-ე სკოლა)

თავდამსხმელები: ნიკა ტარყაშვილი (ბეერსხოტი, ბელგია), გურამ სამუშია (ბაია, ზუგდიდი), დუდუ ზივზვიძე (35-ე სკოლა), გიორგი ფანცულაია (ოლიმპი)

კომენტარები