ესპანეთის ნაკრები ვილია ბომბარდირია, ხავი - ასიანი

#fbimage#http://www.tabula.ge/media/vilia(1).png
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთს 2:1 სძლია. ორივე გოლი ბარსელონას თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ გაიტანა.

კატალონიელთა ფორვარდმა ესპანეთის ნაკრების რეკორდი დაამყარა: ჩეხებთან მატჩამდე ის 44 სანაკრებო გოლით ლეგენდარულ რაულთან ერთად იყოფდა რეკორდს, ახლა კი 46 გოლით ერთპიროვნული ლიდერია.

დავიდ ვილიამ 46 გოლი 72 ოფიციალურ შეხვედრაში გაიტანა.

პირველი ბურთი მან 2005 წლის 16 ნოემბერს, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში, სლოვაკეთის ნაკრებს გაუტანა მისსავე მოედანზე, 2006 წლის 13 ივნისს, გერმანიის ქალაქ ლაიფციგში კი პირველად შეასრულა დუბლი: მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში ესპანელებმა უკრაინელები 4:0 გაანადგურეს.

დავიდ ვილიას აქტივში 8 სანაკრებო დუბლი და 2 ჰეთ-თრიქია.

ჩეხებთან გამარჯვება კიდევ ერთი ფაქტის გამოა აღსანიშნავი: ვილიას თანაკლუბელმა ხავიმ ეროვნული გუნდის მაისური მეასედ მოირგო!

ის ნაკრების მეოთხე მოთამაშეა, ამ ნიშნულს რომ უწია: მასზე წინ მხოლოდ ანდონი სუბისარეტა (126 მატჩი ნაკრებში), იკერ კასილიასი (118) და რაული (102) არიან.

ხავის დებიუტი ესპანეთის პირველ გუნდში 2000 წლის 15 ნოემბერს შედგა ჰოლანდიელებთან 1:2 წაგებულ მატჩში, საერთო ჯამში კი, მან ნაკრებში 8 გოლი გაიტანა.

ცნობისათვის: წლის დასაწყისში, 2 იანვარს, ხავიმ პრიმერადივიზიონში ლევანტეს წინააღმდეგ ბარსელონას შემადგენლობაში 549-ე მატჩი ჩაატარა და საკლუბო რეკორდიც დაამყარა - ამდენი შეხვედრა კატალონიელთა შორის არავის ჩაუტარებია.

ხავი 2008 წელს, ევროპის ბოლო ჩემპიონატზე ავსტრია-შვეიცარიაში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, პოპულარულმა ბრიტანულმა საფეხბურთო გამოცემა უორლდ სოკერმა კი მას მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიანიჭა.

კომენტარები