რუსმა სამართალდამცველებმა, შესაძლოა, დოკუ უმაროვი მოკლეს

ორშაბათს ინგუშეთში, სუნჟენის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შესაძლოა, ”იმამატ კავკაზის” ლიდერი, დომოდედოვოს ტერაქტის მოწყობაში ოფიციალურად ბრალდებული, დოკუ უმაროვი მოკლეს. ამის შესახებ დღეს რუსული მედია წერს. ოფიციალური უწყებები ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

 რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორშაბათს ინგუშეთის მთებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 17 ბოევიკი მოკლეს, ორი კი დააკავეს. სპეცოპერაციისას დაიღუპნენ და დაიჭრნენ სპეცრაზმის წევრებიც. სპეცოპერაცია, რომელშიც 200-მდე სამართალდამცველი მონაწილებს, დღესაც გრძელდება

 რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის განცხადებით, მოკლულები დომოდედოვოს ტერაქტის მოწყობაში მონაწილეობდნენ. აფეთქება მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში,  2011 წლის 24 იანვარს მოხდა. აფეთქებას 37 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტი საკუთარ თავზე ისლამისტი კავკასიელი ბოევიკების ლიდერმა, დოკუ უმაროვმა აიღო. რუსეთის სპეცსამსახურებმა დოკუ უმაროვი დომოდედოვოს სისხლიან ტერაქტში მთავარ დამნაშავედ ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ სცნეს.

 



კომენტარები