ჩოგბურთი: ანა ტატიშვილმა ელენა დოკიჩს მოუგო

21 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ჩარლსტონში მიმდინარე Family Circle Cup-ის მეორე წრეში გავიდა. პირველ ეტაპზე მისი მეტოქე ავსტრალიის სახელით მოთამაშე ხორვატი, მსოფლიოს 64-ე ჩოგანი ელენა დოკიჩი იყო. ანამ მას სამ სეტში მოუგო - 7:5, 2:6, 6:4.

ტურნირის მეორე წრეში ტატიშვილის მეტოქე  მეცხრე ნომრად განთესილი რუსი მარია კირილენკო იქნება. 24 წლის რუსი ამჟამად მსოფლიოს ოცდამერვე ჩოგანია. მან პირველ შეხვედრაში ამერიკის სახელით მოთამაშე ვარვარა ლიპჩენკო  6:4, 6:0 დაამარცხა.

ძირითად ბადემდე იყო ტატიშვილის მიერ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებული ორი შეხვედრა - ვენესუელელ გაბრიელა პაცთან 7:5, 6:4 და უკრაინელ ტატიანა ლუჟკინასთან  - 6:2, 6:2.

ანა ტატიშვილი ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ჩოგბურთს თამაშობს და ეს უკვე ზედიზედ მეორე მაღალი რანგის ტურნირია, სადაც მეორე წრეში გავიდა. ახლა ის სულ უფრო უახლოვდება საუკეთესო ასეულს: ამჟამად ანა მსოფლიოს 115-ე ჩოგანია. 

კომენტარები