თინა კანდელაკი, შესაძლოა, რუსეთის განათლების სამინისტროში ”მაღალ თანამდებობაზე” დაინიშნოს

პოპულარულმა ტელეწამყვანმა, თინა კანდელაკმა, შესაძლოა რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მაღალი თანამდებობა დაიკავოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”Life News”-ს რუსეთის განათლების მინისტრმა ანდრეი ფურსენკომ აცნობა.

მინისტრმა დაადასტურა, რომ ამ თემაზე უკვე ესაუბრა კანდელაკს. ”ის კარგი დედაა. მისი შვილი მეხუთე კლასში სწავლობს და კანდელაკს კარგად  ესმის  სკოლისა და  მოსწავლეების პრობლემები, იცის რა სჭირდებათ საგანმანათლებლო დაწესებულებებს,” აღნიშნა ფურსენკომ.  მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ, თუ რა თანამდებობას ჩაიბარებს კანდელაკი განათლების სამინისტროში.  ”ჩემი მოადგილეების პოსტები უკვე დაკომპლექტებულია, ასე რომ, ჯერ არ გადამიწყვეტია რა თანამდებობას დაიკავებს თინა,” აღნიშნა ფურსენკომ. რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელმა არ დამალა, რომ,  შესაძლოა, თინა კანდელაკი  სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ან საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელი გახდეს.  

მოგვიანებით, საინფორმაციო სააგენტო ” РИА Новости"-სთან ინტერვიუში  ფურსენკომ დააზუსტა,  რომ კანდელაკის დასაქმების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. მინისტრის თქმით, რუსეთის განათლების სამინისტროში ყველა ვაკანსია დაკავებულია. თინა კანდელაკი უკვე რამდენიმე წელია რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებრივი პალატის კომისიის წევრია.

კანდელაკი  რუსეთის განათლების სამინისტროში ”ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე” მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

კომენტარები