ჩოგბურთი: ტატიშვილმა კირილენკოც დაამარცხა!

ანა ტატიშვილმა ქალაქ ჩარლსტონში მიმდინარე Family Cercle Cup-ზე მორიგ გამარჯვებას მიაღწია და უკვე მესამე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა. 21 წლის ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამ პრესტიჟული ტურნირის მეორე წრეში მსოფლიოს 28-ე ჩოგანი, რუსი მარია კირილენკო იყო. ტატიშვილის წარმატებას ფაქტობრივად არავინ ელოდა, მაგრამ ანამ მოწინააღმდეგე სამ სეტში - 5:7, 7:5, 6:3 დაამარცხა.

წინა წლებისაგან განსხვავებით, ტატიშვილი ბოლო პერიოდში სტაბილურ თამაშს აჩვენებს და შესაბამისად მისი შედეგებიც გაუმჯობესდა. თუკი წინა ტურნირზე, მან ძირითად ბადეში ერთი შეხვედრა მოიგო, ამჯერად უკვე ორჯერ გაიმარჯვა და შეჯიბრების მესამე წრეში მისი მეტოქე ბელგიელ იანინა ვიკმაიერი იქნება.

ახალგაზრდა, 21 წლის ბელგიელი ამ ტურნირზე მეექვსე ჩოგნად არის განთესილი, საერთოდ კი მსოფლიო კლასიფიკაციაში 23-ე ადგილს იკავებს. მერვედფინალამდე და ტატიშვილამდე ჩარლსტონში მან უკვე მოახერხა ჩინელი ჟი ჟენგის დამარცხება - 6:4, 6:0.

დღემდე ანა ტატიშვილი და იანინა ვიკმაიერი კარიერის განმავლობაში ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. იმ მატჩში ბელგიელმა 6:2, 6:0 გაიმარჯვა.

წაგების შემთხვევაშიც კი, ანა ტატიშვილს ფაქტობრივად ვეღრაფერი შეუშლის ხელს მსოფლიოს საუკეთესო ქალ ჩოგბურთელთა ასეულში შევიდეს. ასეთი შედეგი კი უკვე ძალიან დიდი ხანია არცერთ ქართველ ჩოგბურთელს არ ჰქონია.

კომენტარები