ეგვიპტის პროკურატურამ ჰოსნი მუბარაქისა და მისი ორი ვაჟის დაკავების ორდერი გასცა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mubarakidaichires.png##fbimage#
ეგვიპტის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის და მისი ორი ვაჟის 15 დღით დაკავების ორდერი გასცა. უცხოური მედიის ცნობით, 82 წლის მუბარაქი ამჟამად შარმ ელ შეიხის საავადმყოფოში იმყოფება. მუბარაქი საავადმყოფოშჳ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც დაკითხვის დროს გულის შეტევა დაემართა. ტელეკომპანია ევრონიუსი იუწყება, რომ ამ დროისთვის მუბარაქის მდგომარეობა სტაბილურია.

ეგვიპტის ყოფილ ლიდერს სამართალდამცველები სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. მუბარაქის შვილებს - ალის და გამალს კი კორუფციაში სდებენ ბრალს.

ჰოსნი მუბარაქი და მისი ოჯახი მისი გადადგომიდან - 11 თებერვლიდან ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში შინაპატიმრობაში იმყოფება. მუბარაქმა, რომელიც ქვეყანას 30 წელზე მეტი მართავდა, თანამდებობა 18-დღიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მუბარაქმა ერთადერთი საჯარო განცხადება გააკეთა. კვირას, ტელეკომპანია ალ-არაბიასთან საუბარში, ეგვიპტის ყოფილმა პრეზიდენტმა სამართალდამცველების ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ის ”ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლია.”
 

 

კომენტარები