ეგვიპტელი კოპტები მუსლიმებთან დაპირისპირების გამო ქვეყნის დატოვებას ცდილობენ

ეგვიპტელი კოპტი ქრისტიანები ქვეყნის დატოვების გზებს ეძებენ. ამის შესახებ უცხოური მედია  ადამიანის უფლებათა დამცველ ადგილობრივ  არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით იუწყება. კოპტები აცხადებენ, რომ რადიკალი მუსლიმები ეგვიპტეში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ. „კოპტი ქრისტიანები ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა დატოვონ ეგვიპტე, რადგან დარჩენის შემთხვევაში დიდი რისკის წინაშე დგანან,“ აღნიშნა ნაგუიბ გაბრიელმა, კოპტების უფლებათა დამცველმა აქტივისტმა „ბევრი მათგანი შეშფოთებულია საკუთარი მომავლის გამო, მათ ფანატიკოსი მუსლიმების ეშინიათ,“ დასძინა მან.

გასულ თებერვალს ეგვიპტეში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირებას 20 კოპტი ეგვიპტელი ემსხვერპლა. ორი კონფესიის წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი ბოლო დაპირისპირება ქაიროში გასულ თვეს მოხდა. კოპტი ქრისტიანების საპროტესტო აქცია ეგვიპტის დედაქალაქში 9 მარტს სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაიჭრა. ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე კი მუსლიმების 4000-კაციანი ჯგუფი ეგვიპტის ერთ-ერთ სოფელში კოპტების სახლებს თავს დაესხა. თავდამსხმელებმა სოფელში ეკლესია დაწვეს, ხოლო პასტორი და სამი დიაკვანი გაიტაცეს. 

კომენტარები