პატარა ბორჯღალოსნების მესამე ადგილი

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ლევან მგელაძის შეგირდებმა ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში გერმანელებს შანსი არ დაუტოვეს და 40:0 გაანადგურეს.

ნახევარფინალში იტალიასთან მარცხის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ  ბორჯღალოსნები მეტოქეს მაქსიმალური მობილიზებით შეერკინებოდნენ და გამარჯვებისათვის ყველაფერს გააკეთებდნენ. ასეც მოხდა, ქართველებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დაამტკიცეს, რომ “მეორე” დონეზე მათი ღირსეული მოწინააღმდეგე უკვე აღარავინაა. ჩვენებისთვის დღეს ყველაზე მისაღები სპარინგ-პარტნიორები დიდი რაგბის ოჯახის წევრები არიან.

ჩვენი დამმარცხებელი იტალიის ნაკრები ფინალში შოტლანდიას შეხვდა. დაძაბულ დაპირისპირებაში გამარჯვება ბრიტანელებს დარჩათ, მათ მეტოქე 17:12 დაამარცხეს.

მეხუთე ადგილისთვის მატჩში პორტუგალიელებმა ბელგიელებს სძლიეს 10:5, მეშვიდე ადგილისათის გამართულ დაპირისპირებაში კი ერთმანეთის პირისპირ რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებები წარსდგნენ. ამათ დაპირისპირებაში უფრო ძლიერად კარპატელებმა ითამაშეს, 11:3 გაიმარჯვეს და ბოლო ადგილზე რუსები დატოვეს.

საქართველო - გერმანია 40:0

საქართველოს ნაკრები: 15. აფციაური (ნიკოლავა 62 წთ)  14. გიორგაძე (ნათელაშვილი 65 წთ) 13. მჭედლიძე 12. შარიქაძე 11. ფრუიძე 10. ბასილაია 9. ხუციშვილი (თუთბერიძე 65 წთ) 8. სუხაშვილი 7. ოლქიაშვილი (მოსეშვილი 45 წთ) 6. შუბითიძე 5. მარდალეიშვილი 4. სორდია 3. ახობაძე (ჯიბლაძე 61 წთ) 2. ხიდეშელი (ლომთაძე 39 წთ) 1. თეთრაშვილი (ასათიანი 61 წთ). 6 ლელო: ხუციშვილი, შარიქაძე, ახობაძე, მარდალეიშვილი, ბასილაია (5, 6). 5 გარდასახვა: ხუციშვილი

 

კომენტარები