იაკობაშვილი:ჩვენ დაუნდობელ დათვთან გალიაში ვსხედვართ

დღეს ვაშინგტონში ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვების კვლევითი ცენტრისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით  “საქართველო-თანამედროვე სახელმწიფოებრიობის 20-წლიანი ისტორია.” შეხვედრას ამერიკელი და ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის ერთი ნაწილი საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს შეეხო. გამომსვლელთა შორის იყვნენ ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი და აშშ-ს ომის კოლეჯის მკვლევარი პოლკოვნიკი ჯონ ჩიკი. საუბარი   ეხებოდა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვასა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ  დასავლეთი ბოლომდე ვერ აცნობიერებს საქართველოში შექმნილი სიტუაციის სიმძიმესა და საშიშროებას. "ახლა ჩვენ დაუნდობელ დათვთან იმ გალიაში ვსხედვართ, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს დაგვესხას თავს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები კი გვეუბნებიან: "დაელაპარაკეთ დათვს! მოეფერეთ, გაუღიმეთ, სცადეთ მისი მოხიბლვა". მაპატიეთ, მაგრამ ეს არ მუშაობს," განაცხადა იაკობაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ  საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია სამი ფაქტორი. პირველი: საქართველოს წარმატება -  „არა იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც მაგნიტი, ვიზიდავთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ამ თეორიის არ მჯერა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არა სახელმწიფო-ბანკროტი, არამედ წარმატებული ქვეყანაა,“ აღნიშნა საქართველოს ელჩმა.  მეორე ფაქტორად თემურ იაკობაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას,  ხოლო მესამე ფაქტორად  რუსეთ -საქართველოს კონფლიქტზე დასავლეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას მიიჩნევს. ელჩის თქმით, „მარტონი შეთანხმებას ვერ მივაღწევთ."

კონფერენციაზე გამოსვლისას აშშ-ში საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ადვილი არ იყო რუსეთისთვის დიალოგის შეთავაზება. თუმცა, ელჩის თქმით, თბილისმა ეს გააკეთა სახელმწიფოს კეთილდღეობისა და კონსტრუქციული განვითარებისთვის ხელშეწყობის  მიზნით.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ კოტნიც. მან აღნიშნა, რომ ამერიკისთვის აფახაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოგვარება არ არის პრიორიტეტული საკითხი. ამას გარდა, მისი თქმით, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვის მიმართ არასკმარისი ღონისძიებები გაატარა. “ამან კი, თავის მხრივ, დააფრთხო მსხვილი ინვესტორები და მათ არ სურთ საქართველოში მსხვილი ინვეტიციების დაბანდება ახალი დესტაბილიზაციის  შიშით,” დასძინა კოტნიმ.

კომენტარები