მოსკოვი მზადაა ქართულ ოპოზიციასთან ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნება განიხილოს

რუსეთის სანიტარული სამსახური მზად არის საქართველოს ოპოზიციურ პარტიებთან და ქართულ დიასპორასთან განიხილოს რუსეთის ბაზარზე ქართლი ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნების საკითხი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო Интерфакс-ი ავრცელებს.

რუსეთის მთავარმა სანიტარმა,  გენადი ონიშჩენკომ სააგენტოს განუცხადა, რომ გასცა განკარგულება ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდეს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავასთან და რუსეთის ნაციონალური გაერთიანებების კონგრესის პრეზიდენტ ვლადიმერ ხომერიკთან შევედრისთვის.  

როგორც ცნობილია, ონიშჩენკომ ქართული ღვინოების და მინერალური წყლების შეტანა რუსეთში „უხარისხობის“ გამო აკრძლა. მანვე, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს „ტერიტორიული წარმონაქმნი“ უწოდა, რომელიც „თავს უფლებას აძლევს ხმა აიმაღლოს ისეთი უდიდესი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც რუსეთია“.

მარტში რუსეთის მთავარმა სანიტარმა განაცხადა, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად ქართულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა, ონიშჩენკოს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ კომპანიებზეა საუბარი. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული პროდუქტები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება რუსულ ბაზარზე, თუ შესაბამის პროცედურებს და ხარისხის კონტროლის ყველა საფეხურს გაივლის.  ქართულმა კომპანიებმა ონიშჩენკოსთან რაიმე სახის მოლაპარაკებები არ დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ის „მცდარ ინფორმაციას“ ავრცელებს . 

კომენტარები