ვაშინგტონსა და ნიუ იორკში მოქალაქეები ბინ ლადენის სიკვდილს ზეიმობენ

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/asamaaaa.png##fbimage#
40-წუთიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, აშშ-ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდას ლიდერი, უსამა ბინ ლადენი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ოფიციალურად დაადასტურა. ობამას თქმით, მან სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განკარგულება ერთი კვირის წინ გასცა.
 
თეთრი სახლის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია პაკისტანის დედაქალაქის, ისლამაბადის გარეუბანში ჩატარდა. აშშ-ს მიერ ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული უსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს ხელისუფლებამ 2010 წლის აგვისტოში მიიღო, ხოლო 2011 წლის მარტში ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდა, განაცხადა ობამამ. „ეს ალ-ყაიდას დასამარცხებლად ჩვენი ერის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა,“ აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა თავის სპეციალურ მიმართვაში.

ამერიკის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის შედეგად ისლამაბადის გარეუბანში კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის ბინ ლადენის ერთ-ერთი ვაჟი, და ერთი ქალი, რომელსაც, ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ალ-ყაიდას წარმომადგენლები „ცოცხალ ფარად“ იყენებდნენ. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ოპერაციის დროს  ამერიკის არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა.

ალ-ყაიდას ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ვაშინგტონმა მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს საელჩოებში სპეციალური გაფრთხილებები გაგზავნა ალ-ყაიდას მიერ შესაძლო საპასუხო შეტევების შესახებ.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბინ კლინტონმა განაცხადა, რომ „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია არა მხოლოდ იმ ოჯახებისთვის, რომელთა ნათესავებიც 2001 წლის 9 სექტემბრის ტერაქტის დროს დაიღუპნენ, არამედ იმ ადამიანებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც სურთ მშვიდობიანი და თავისუფალი მომავლის აშენება.“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, დევიდ კემერონმა კი აღნიშნა, რომ ბინ ლადენის სიკვდილი „ძალიან დიდ შვებას მოუტანს“ მთელს მსოფლიოს. ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს „ტრიუმფალური გამარჯვება“ მიულოცა. „ეს არის სამართლიანობის, თავისუფლების და იმ ფასეულობების გამარჯვება, რომელსაც ყველა დემოკრატიული ერი იზიარებს,“ აღნიშნა მან.

ვაშინგტონის მიერ აშშ-ს უმთავრეს მტრად გამოცხადებული ბინ ლადენის სპეცოპერაციის შედეგად მოკვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რამდენიმე ასეული ადამიანი თეთრი სახლის წინ შეიკრიბა.  ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ისინი სკანდირებდნენ „აშშ! აშშ!“. აშშ-ს მოქალაქეები შეიკრიბნენ 2001 წლის 9 სექტემბრის ტერაქტის ადგილზეც ნიუ იორკში. ისინი ალ-ყაიდას ლიდერის სიკვდილს ზეიმობენ, იუწყება უცხოური მედია. 

კომენტარები