ფეხბურთი: პატარა ქართველების შვედური მედლები

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში უეფას ყოფილი პრეზიდენტის, ლენარტ იოჰანსონის სახელობის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი დასრულდა, რომელშიც საქართველოს 14 და 15-წლამდელთა ნაკრებებმა მიიღეს მონაწილეობა.

ჩემპიონატში ორივე ასაკობრივმა ნაკრებმა კარგი შედეგი აჩვენა. შედარებით უფროსები, 15-წლამდელები სკანდინავიაში ჩემპიონები გახდნენ, მათზე ერთი წლით პატარები კი საბოლოოდ ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

შვედეთში გაჩემპიონებული 15-წლამდელთა ნაკრები ტურნირისთვის ნოდარ აკობიამ მოამზადა. ჯგუფური რაუნდის პირველ შეხვედრაში პატარა ფეხბურთელები ავსტრიულ შტურმთან 0:1 დამარცხდნენ. ამის შემდეგ კი მოახერხეს კონცენტრირება და ზედიზედ ორ მატჩში გამარჯვება. მათ ჯერ ფინური ჰონკა დაამარცხეს 4:0, ხოლო შემდეგ 3:1 აჯობეს ჰოლანდიურ აიაქსს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც შვედურ აიკს 2:0 მოუგეს.

ფინალურ შეხვედრაში ნოდარ აკობიას გუნდის მეტოქე, იტალიური იუვენტუსი იყო. მატჩი დაძაბული გამოვიდა, მაგრამ გამარჯვება მაინც ახალგაზრდა ქართველებს დარჩათ. მათ მოწინააღმდეგეს ერთი უპასუხო გოლი გაუტანეს და ლენარტ იოჰანსონის თასი ჩაიბარეს. სწორედ პრეზიდენტისაგან მიიღო ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი 15-წლამდელთა ნაკრების მოთამაშე გიორგი ჯობავამ.

ერთი წლით უფროსებისაგან განსხვავებით,  ტურნირი კარგი გამარჯვებით გახსნეს საქართველოს 14-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მოთამაშეებმა, თუმცა საბოლოოდ შეჯიბრება მაინც მესამე ადგილზე დაასრულეს.

მათ ჯერ ფინური ჰიკი დაამარცხეს 5:1, შემდეგ დანიური ლუნგბიუ - 1:0, თუმცა ჯგუფში პირველადგილოსნის გამოსავლენად გამართულ მატჩში ვერაფერი მოუხერხეს იტალიურ მილანს და 1:7 დამარცხნენ.

ამის მიუხედავად, გოჩა ტყებუჩავას გუნდი ნახევარფინალში მაინც გავიდა, მაგრამ იქ მოთამაშეებმა მობილიზება ვეღარ შეძლეს და 0:1 დათმეს შეხვედრა ბერძნულ პაოკთან. შემდეგ კი ქართველებმა ამსტერდამის აიაქსი 6:0 გაანადგურეს და ბრინჯაოს მედლებიც გაიფორმეს.

 

კომენტარები