CNN: ბინ ლადენი ”ზღვაში დაკრძალეს”

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/osama%20bin%20laden.png##fbimage#
აშშ-ს სამხედრო ძალების მიერ სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ალ-ყაიდას ლიდერი, უსამა ბინ ლადენი ”ზღვაში დაკრძალეს.” ამის შესახებ, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია CNN იუწყება. ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მათ სურდათ ბინ ლადენი ისლამური ტრადიციის დაცვით - გარდაცვალებიდან 24 საათის განმავლობაში დაეკრძალათ.

”იმ ქვეყნის პოვნა, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ცხედრის მიღებაზე დათანხმდებოდა, ძალიან ძნელი იქნებოდა, ამიტომ აშშ-მ გადაწყვიტა ის ზღვაში დაეკრძალათ,” ციტირებს საინფორმაციო სააგენტო AP ანონიმ ამერიკელ ოფიციალურ პირს. სააგენტოს ცნობით, წყარომ უარი განაცხადა დაესახელებინა ის ადგილი, სადაც ბინ ლადენის ცხედარი დაკრძალეს.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დღეს განაცხადა, რომ 40-წუთიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, აშშ-ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდას ლიდერი, უსამა ბინ ლადენი მოკლეს. ობამას თქმით, მან სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განკარგულება ერთი კვირის წინ გასცა.

თეთრი სახლის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია პაკისტანის დედაქალაქის, ისლამაბადის გარეუბანში ჩატარდა. აშშ-ს მიერ ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული უსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს ხელისუფლებამ 2010 წლის აგვისტოში მიიღო, ხოლო 2011 წლის მარტში ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდა, განაცხადა ობამამ. „ეს ალ-ყაიდას დასამარცხებლად ჩვენი ერის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა,“ აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა თავის სპეციალურ მიმართვაში.

ამერიკის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის შედეგად ისლამაბადის გარეუბანში კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის ბინ ლადენის ერთ-ერთი ვაჟი. 

კომენტარები