პაკისტანელი თალიბები შურისძიებით იმუქრებიან

პაკისტანელი თალიბები იმუქრებიან, რომ ალ-ყაიდას ლიდერის, უსამა ბინ ლადენის მოკვლისთვის შურს იძიებენ. საინფორმაციო სააგენტო AFP-ს ცნობით, თალიბებმა განაცხადეს, რომ შეტევებს განახორციელებენ პაკისტანელი ლიდერებისა და არმიის, ასევე აშშ-ს წინააღმდეგ. ”ახლა ჩვენი უპირველესი სამიზნე პაკისტანის მმართველები, პრეზიდენტი ასიფ ალი ზადარი და არმია იქნება. ჩვენი მეორე სამიზნე კი აშშ გახდება,” ციტირებს საინფორმაციო სააგენტო როიტერი პაკისტანელი თალიბების სპიკერს.

ბინ ლადენის მოკვლა დაგმეს პალესტინური ისლამისტური დაჯგუფების, ჰამასის ლიდერებმაც. ჰამასის წევრებმა ბინ ლადენს ”არაბი წმინდა მებრძოლი” უწოდეს. ”ხალხის აზრით, ბინ ლადენის მოკვლა არის ამერიკის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ზეწოლასა და მუსლიმთა და არაბთა სისხლისღვრაზეა დამყარებული,” განაცხადა ჰამასის ერთ-ერთმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიეჰმა. ეგვიპტური რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობის, მუსლიმური საძმოს წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს აშშ. მუსლიმური საძმოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საძმო ”წინააღმდეგია ძალადობის, მკვლელობების და მხარს უჭერს სამართლიან სასამართლოს.”

აშშ-ს მთავრობამ და ინტერპოლის წარმომადგენლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ შესაძლოა, ტერორისტულმა ორგანიზაციებმა თავიანთი საქმიანობა გაააქტიურონ. თუმცა, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება. ”უსამა ბინ ლადენის სიკვდილით ალ-ყაიდას და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ აშშ-ს ბრძოლა არ დასრულებულა,” განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა. 

კომენტარები