ალ-ყაიდამ ბინ ლადენის სიკვდილი დაადასტურა

ტერორისტულმა ორგანიზაცია ალ-ყაიდამ დაადასტურა, რომ ორგანიზაციის ლიდერი, უსამა ბინ ლადენი პაკისტანში აშშ-ს სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. ამის შესახებ ალ-ყაიდას მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო AP იუწყება.

ორგანიზაცია იმუქრება, რომ ისინი ამერიკელებსა და მათ მოკავშირეებზე თავდასხმებს გააგრძელებენ. ”ბინ ლადენის სისხლი ტყუილუბრალოდ არ დაღვრილა,” დაწერეს ალ-ყაიდას წევრებმა ერთ-ერთ ისლამისტურ ვებ გვერდზე.  ”თქვენი სიხარული  მწუხარებით შეიცვლება,” მიმართავენ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ამერიკის მოქალაქეებს.

ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ გამოქვეყნებულ თავის პირველ განცხადებაში ალ-ყაიდამ პაკისტანის მოქალაქეებს მოუწოდა ქვეყნის ლიდერების წინააღმდეგ ამბოხდნენ. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ  მალე გაავრცელებენ ბინ ლადენის მიერ მის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ჩაწერილ ვიდეომიმართვასაც. 

კომენტარები