ირანის დაზვერვის უფროსი: ბინ ლადენი არ მოუკლავთ

ირანის დაზვერვის უფროსმა, ჰეიდარ მოსლეჰიმ   აშშ-ს მიერ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ”სიცრუე” უწოდა. თურქული საინფორმაციო სააგენტო Dogan-ის ინფორმაციით,  ამ ფაქტის კომენტირებისას ირანის დაზვერვის მინისტრმა სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ვაშინგტონის მტკიცება, რომ ბინ ლადენი მოკლეს სიმართლეს არ შეესაბამება. მოსლეჰის თქმით, ალ-ყაიდას ლიდერი ”სპეცოპერაციამდე კარგა ხნით ადრე, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.”

”ჩვენ ამის დამამტკიცებელ სერიოზულ დოკუმენტებს და ინფორმაციას ვფლობთ,“ განაცხადა ჰეიდარ მოსლეჰიმ.  ირანის დაზვერვის უფროსი აცხადებს, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ცნობის გავრცელება აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სცენარია, იუწყება სააგენტო Dogan-ი. მოსლეჰის მტკიცებით, ამის მიზანი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ აშშ-ში არსებული  ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ყველა ნეგატივის გადაფარვა  და პრეზიდენტ ობამას რეიტინგის გაზრდაა. 

კომენტარები