კომპენსაცია საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთათვის

საბჭოთა  რეპრესიებით დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს, სასამართლოს მეშვეობით მატერიალური კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ენიჭებათ. გასულ კვირას, პარლამენტმა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც კომპენსაციის მოთხოვნის პროცედურებს ითვალისწინებს. 

პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე დაამტკიცა ცვლილებები კანონში „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”. დოკუმენტი დაზარალებულებს და მათ შთამომავლებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღების უფლებას ანიჭებს. ეს კანონი ჯერ კიდევ 1997 წელს მიიღეს. თუმცა, კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების კონკრეტული მექანიზმები, ამ დრომდე არ იყო განსაზღვრული. მიღებისთანავე, მე-9 მუხლში მხოლოდ ის ჩაიწერა, რომ რეპრესიების მსხვერპლთათვის ზარალის ანაზღაურების საკითხები, ცალკე კანონით უნდა განსაზღვრულიყო. 

ამგვარი კანონების არარსებობა გახდა საფუძველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მან გასული წლის თებერვალში კლაუს და იური კილაძეების საქმეზე გამოიტანა. ევროსასამართლომ დააკმაყოფილა საბჭოთა რეპრესიებით დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეთა სარჩელი. ისინი მათი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შედეგად დაკარგული საკუთრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდნენ. 
 
სასამართლომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი  მუხლი (საკუთრების უფლება) დარღვეულად მიიჩნია და სახელმწიფოს თითოეული დაზარალებულის სასარგებლოდ 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და საბჭოთა რეპრესიებით დაზარალებულთა კომპენსაციით უზრუნველყოფისათვის აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ზომების მიღება დაავალა. ამგვარად, სახელმწიფოს რეპრესირებულთათვის კომპენსაციის თაობაზე კანონმდებლობის მიღების საერთაშორისო ვალდებულება დაეკისრა. 
 
მოქმედი კანონის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად შეიძლება მიიჩნიონ  პირი, რომელზეც 1921-1990 წლებში, საბჭოთა რეჟიმი სხვადასხვა ფორმით ძალადობდა –  სიკვდილით დასჯა, პატიმრობა, გადასახლება, იძულებითი ფსიქიატრიული  მკურნალობა  და სხვა. 
 
ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების პროექტის მიხედვით, სარჩელი სასამართლოში უშუალოდ რეპრესირებულმა ან მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ უნდა წარადგინოს. ამისთვის მოსარჩელეებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დასჭირდებათ. ამგვარი დოკუმენტების  მოპოვება შსს-ს არქივში დაცული მასალებიდან იქნება შესაძლებელი.
 
სარჩელებს კომპენსაციის მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს. მოსარჩელეები სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლდებიან. მოპასუხე მხარე პროცესზე ფინანსთა სამინისტრო იქნება.
 
როგორც ტაბულას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ზვიად კუკავამ განუცხადა, კანონპროექტი არ ადგენს რეპრესირებული პირისთვის ან მისი ოჯახისათვის გასაცემი კომპენსაციის კონკრეტულ ოდენობას. „დასჯის მექანიზმები, რასაც საბჭოთა რეჟიმი იყენებდა, იმდენად მრავალფეროვანია, რომ, ჩვენი დასკვნით, ყველა ასეთი შემთხვევისათვის კომპენსაციის თანხა კანონმდებლობით წინასწარ ვერ განისაზღვრება. ამ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოდ სასამართლოა მიჩნეული”, – აღნიშნა კუკავამ. 
 
მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად 20 ათასზე მეტი ადამიანია აღიარებული. თუმცა, არ არის გამორიცხული, საკანონდებლო ცვლილებების შემდეგ სასამართლოს უფრო მეტმა ადამიანმა მიმართოს. რეპრესიების მსხვერპლთათვის სარჩელის წარდგენის ბოლო ვადად 2014 წლის 1 იანვარი განისაზღვრა.  

კომენტარები