26 მაისის აღლუმზე ქართული ჯავშანმანქანაც გამოვა

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის  დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე საქართველოში წარმოებული ჯავშანმანქანა „დიდგორი“ გამოვა. „დიდგორი“ გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე გამართულ სამხედრო აღლუმის რეპეტიციაზე გამოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ  ვებ გვერდმა geo-army.ge-მ  გაავრცელა. geo-army.ge-s ცნობით, სამხედრო აღლუმის რეპეტიციაზე ასევე პირველად გამოჩნდა ებრაული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Spyder და WOLF-ის ტიპის ჯანშანმანქანები.  თუმცა, სამხედრო ექსპერტების ყველაზე დიდი ინტერესი ქართული წარმოების ჯავშანმანქანამ გამოიწვია.

 ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორმა,  ირაკლი ალადაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "დიდგორი" აწყობილია ამერიკული "ფორდის" ტიპის პიკაპის ბაზაზე.  "აწყობის პროცესი თბილისის საავიციო ქარხანაში 2011 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. პიკაპები ქარხანაში შეიჯავშნა და აღიჭურვა სწრაფმსროლელი ექვსლულიანი ამერიკული ტყვიამფრქვევი "მინიგანით",“ განუცხადა  ალადაშვილმა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს.

მისი თქმით,  ეს ჯავშანმანქანების საცდელი ვარიანტია და მათი აწყობა ქარხანაში ახლაც მიმდინარეობს. „დამზადებულია მანქანის 2 ვარიანტი - შედარებით გრძელი და მოკლე,“ აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.

თბილისის საავიაციო ქარხანა 2005 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა საწარმოს კოლექტივს, შპს „თბილავიამშენს“.  ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება „თამ“ (თბილავიამშენი), რომლის მთავარი საქმიანობის სფერო თვითმფრინავების მშენებლობა იყო.

2010 წელს სააქციო საზოგადოების ძირითადი მფლობელი შპს „თბილავიამშენი“ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა სსიპ-ის სტატუსით, რაც სამხედრო-სარემონტო-სამრეწველო კომპლექსის შექმნას გულისხმობს. 

კომენტარები