თალიბების კიდევ ერთი ”შურისძიება” ბინ ლადენის გამო

პაკისტანის ქალაქ ყარაჩის ავიაბაზაზე ქვეყნის სპეცსამსახურებსა და დაჯგუფება თალიბანის მებრძოლებს შორის დაპირისპირება დასრულდა.  ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ პაკისტანელმა სამართალდამცველებმა  შეტევის მოგერიება შეძლეს. ინციდენტს 12 პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, დაიჭრა 14.

დაჯგუფება თალიბანის ოცამდე წევრი პაკისტანის სიდიდით პირველი ქალაქის საჰაერო ბაზაზე წუხელ შეიჭრა. ბაზაზე შესვლისთანავე მათ ცეცხლი გახსნეს და ორი თვითმფრინავი გაანადგურეს, იუწყება ტელეკომპანია BBC. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მათი მიმართულებით სროლა დაიწყეს, რამდენიმე მებრძოლი ბარიკადების უკან გამაგრდა. მათ ტყვედ აიყვანეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩინელი სამხედრო სპეციალისტები. პაკისტანელ სამხედროებსა და თალიბანის მებრძოლებს შორის დაპირისპირება 16 საათს გაგრძელდა.

თალიბებმა ყარაჩის ავიაბაზაზე თავდასხმა თავის თავზე ოფიციალურად აიღეს. მათი თქმით, ამგვარად მათ ალ-ყაიდას ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციისთვის იძიეს შური.

13 მაისს პაკისტანის ქალაქ შაბკადარში თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი სამხედრო მოსამზადებელ ცენტრთან აიფეთქეს. შემთხვევას 80 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა თავის თავზე თალიბანმა აიღო. დაჯგუფების ლიდერების თქმით, ეს ბინ ლადენის ლიკვიდაციისთვის შურისძიების ”პირველი აქტი” იყო. 

კომენტარები