საბონისმა ქართველებს ევროპირველობა გააცნო

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპული კალათბურთის ლეგენდა, არვიდას საბონისი ეწვია. ის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ელჩია და ტურნირში მონაწილე ქვეყნებში პრეზენტაციებს აწყობს.

ამჯერად მისი შეხვედრების ადგილი საქართველოა. საბონისი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, დღეს კი ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირვებისათვის სასტუმრო თბილისი მერიოტში პრეზენტაცია გამართა.

არვიდას საბონისმა გაიხსენა ძველი დრო, როდესაც ის მოთამაშის რანგში სტუმრობდა ხოლმე საქართველოს და ის ატმოსფერო, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში იყო. ამას გარდა მომავალ ლიტვურ ევროპის ჩემპიონატზეც ისაუბრა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი კონტინენტის პირველობა, ამასთან ერთად, ძალიან დიდი პატივია მისი მასპინძლობა. თითოეული ლიტველის მიზანია დავანახოთ ყველას ჩვენი სტუმართმოყვარეობა და ის, თუ როგორ გვიყვარს კალათბურთი. გამარჯვებაც გვინდა, თუმცა ეს ადვილი არ იქნება.

მიხარია, რომ საქართველოს ნაკრები, თავის პირველ დიდ ტურნირს სწორედ ჩემს ქვეყანაში ითამაშებს. ეს იყო თქვენი კალათბურთის დიდი გამარჯვება და იმედი მაქვს, ეს არ იქნება ბოლო მსგავსი შეჯიბრება. გისურვებთ, ეს იყოს ქართულ კალათბურთში ახალი ერის დასაწყისი. დარწმუნებულები იყავით, რომ ლიტვაში უამრავი გულშემატკივარი გეყოლებათ, იქ ისე იგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში“.

შემდეგ უკვე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა გააკეთა კომენტარი: „იმედი გვაქვს, რომ ლიტვაში კარგ კალათბურთს ვითამაშებთ. თქვენი გულშემატკივრების იმედიც ნამდვილად გვაქვს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს ბოლო მსგავსი რანგის შეჯიბრება იყოს. ამაზე არ გავჩერდებით“.

ამის შემდეგ დარბაზში შეკრებილებს, ლიტვური ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური საიმიჯო ვიდეო-კლიპი აჩვენეს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მომავალი თამაშების მასპინძელი ქალაქების მდგომარეობა, დარბაზები და ის განწყობა, რომელიც ქვეყანაშია.

ინტერვიუს არვიდას საბონისთან შემოგთავაზებთ ჟურნალ ტაბულას მომავალ, 30 მაისის ნომერში.

კომენტარები