სერტიფიცირება კონკურენციის ნაცვლად

 ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტი სერტიფიცირებულ მასწავლებელთა იმ ნაწილს შეხვდა, რომელთა ხელფასიც, მომავალი სასწავლო წლიდან ათასი ლარი გახდება. სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მან სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ფინანსურ სტიმულირებაზეც ისაუბრა. ყველა პედაგოგს, რომელიც სერტიფიცირებისთვის სავალდებულო ორ გამოცდას ჩააბარებს – მაპროფილირებელ საგანსა და პროფესიულ უნარებში – ხელფასზე 75 ლარი დაემატება. თუ სერტიფიცირებული მასწავლებელი კიდევ ერთ, კომბინირებულ, გამოცდას ჩააბარებს, რომელიც „ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნის” შემოწმებას გულისხმობს, მისი ანაზღაურება 125 ლარით გაიზრდება. 1000-ლარიანი ხელფასი კი ამ უკანასკნელთა 25%-ს ერგება. 

სასერტიფიკაციო გამოცდების დანერგვაზე, საქართველოში წლებია საუბრობენ. თუმცა, პირველი ეტაპი გასულ წლამდე არ ჩატარებულა. 2010 წელს პირველ სასერტიფიკაციო გამოცდებში, დაახლოებით, ათი ათასი პედაგოგი მონაწილეობდა. მათგან 6075 ორივე სავალდებულო გამოცდაზე გავიდა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, ამ ორი საგანში, 1147-მა მასწავლებელმა მოახერხა. 
 
პირველ წელს, გამოცდებზე გასვლა მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენებისა და მათემატიკის მასწავლებლებს შეეძლოთ. წელს, ივლისში, მათ რიგს კიდევ რამდენიმე საგანი დაემატება: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება. გამოცდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვისაც ჩატარდება. ამ დროისთვის სასერტიფიკაციო გამოცდისთვის 24 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული. სულ საქართველოში დაახლოებით 79 ათასი მასწავლებელია. 
 
2014 წლამდე სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. შემდეგ კი, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, სავალდებულო გახდება. თუმცა, ფინანსური სტიმულირება მხოლოდ საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი. სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლა ყოველ წელს იქნება შესაძლებელი. სერტიფიკატის ვადა რვა წელია. მასწავლებელს, შუალედში, ალტერნატიული გზებით – იქნება ეს კონფერენცია-ტრენინგებში მონაწილეობა, თუ სახელმძღვანელოების ავტორობა – შეეძლება დააგროვოს საკმარისი კრედიტები. შესაბამისად, მას გამოცდაზე კიდევ ერთხელ გასვლა აღარ დასჭირდება. 
 
ამრიგად, განათლების სამინისტრო კიდევ ერთ რეგულაციას აწესებს – ყველა მასწავლებელს ერთიანი, სტანდარტული სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ისვე განსაზღვრავს, თუ რამდენით უნდა გაეზარდოთ ხელფასი სერტიფიცირებულებს საჯარო სკოლებში. სამინისტროს განცხადებით, რახან საჯარო სკოლების ბიუჯეტს თვითონ ამტკიცებს, სკოლებს იმის რესურსს აძლევს, რომ მასწავლებლებს გაზრდილი, მათ შორის, 1000-ლარიანი ხელფასი გადაუხადონ. 
 
სერტიფიცირების მიზნად სამინისტრო მასწავლებლის პროფესიის რეგულირებასა და მათი კომპეტენციის დაწესებულ პროფესიულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას აცხადებს. რეგულირების ფარგლებში ისინი ვარაუდობენ, რომ გაიზრდება მასწავლებლების პროფესიონალიზმი და პროფესიული განვითარება უწყვეტი გახდება. ახალ მოტივირებულ კადრებსაც მიიზიდავენ და უნივერსიტეტებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაამყარებენ.
 
თუ სერტიფიცირების მიზანია, მასწავლებელი პროფესიონალი იყოს და მოსწავლეს უკეთ ასწავლოს, ეს სტანდარტიზირებული გამოცდით ვერ მიიღწევა. სერტიფიკატი კვალიფიკაციის გარანტი არ არის. ერთადერთი, რასაც ხსენებული ინიციატივა უზრუნველყოფს, მასწავლებლის მიერ თავისი საგნის მინიმალურ დონეზე ცოდნის დადასტურებაა. ასევე იმას, რომ პედაგოგი სწავლების გარკვეულ მეთოდებს თეორიულად იცნობს. ამგვარად, სერტიფიკატს, სავარაუდოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის ის მასწავლებელი ვერ მოიპოვებს, რომელსაც ბოდლერი, კანტი და ჰეგელი „უცხო სიტყვები” ჰგონია – ასეთი პასუხები 2010 წლის გამოცდებზე არცთუ იშვიათი იყო. თუმცა, ტესტირებული გამოცდა ვერც ზემოთქმულის გარანტი იქნება – შესაძლოა, მინიმალურ ბარიერგადალახულმა, თავის საგანში რაიმე ელემენტარული არ იცოდეს. ეს გამოცდა ვერც იმას შეამოწმებს, პედაგოგი ამა თუ იმ მეთოდოლოგიას, თუ ტრენინგებზე დასწავლილ თეორიას, პრაქტიკაში რამდენად გამოიყენებს.  
 
ის, რომ სერტიფიცირება მასწავლებლის კომპეტენციის ზრდის გარანტი არაა, აშშ-ში 2007 წელს ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა. იგი ნიუ იორკის შტატში თომას კეინმა, ჰარვარდის განათლების სკოლის პროფესორმა, რამდენიმე კოლეგასთან ერთად ჩაატარა. მათ იმ მოსწავლეების შედეგები იკვლიეს და შეადარეს, რომლებსაც სერტიფიცირებული, არასერტიფიცირებული და ალტერნატიულად სერტიფიცირებული მასწავლებლები (ვისაც პედაგოგიური განათლება არ აქვს) ასწავლიან. გამოვლინდა, რომ ის, თუ რა სტატუსი აქვს მასწავლებელს და როგორ შევიდა პროფესიაში, მოსწავლეთა შედეგებზე პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს. ასევე ის, რომ სერტიფიცირებული პედაგოგი არ ნიშნავს ეფექტიან მასწავლებელს. მათი პროფესიონალიზმის შეფასება, ყველაზე უკეთ, თავად სკოლებს შეუძლიათ პრაქტიკაში.
 
სერტიფიცირებამ, მომავალი პედაგოგებისთვის, უნივერსიტეტებში სწავლების შინაარსის სტანდარტიზებაც შეიძლება გამოიწვიოს. სასწავლებლებიც და სტუდენტებიც გამოცდების ჩაბარებაზე გახდებიან ორიენტირებული. ეს მაშინ, როდესაც მომავალ მასწავლებელს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი განათლება სჭირდება, რათა საჭირო უნარები განივითაროს. ამგვარი განათლება, შესაძლოა, სულაც არ იყოს პროფესიული სტანდარტის შესაბამისი, მაგრამ პრაქტიკაში უკეთესი შედეგი მოიტანოს. 
 
  თავი რომ დავანებოთ იმას, რომ განსაზღვრული ფინანსური სტიმულირება მასწავლებლის პროფესიული ზრდის გარანტიას ვერ შექმნის, ეს სტიმულირებაც გაუმართავად ხდება. მაგალითად, გამოდის, რომ ათასლარიანი ხელფასი,  არა ყველა სერტიფიცირებული მასწავლებლის საუკეთესო 25%-ს ექნება, არამედ კონკრეტულ წელს სერტიფიცირებულთა იმ მეოთხედს, რომელმაც კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდაც ჩააბარა. მათი რიცხვი კი წელს 54-ია. გარდა იმისა, რომ ეს რეპრეზენტატული ვერ იქნება (თუნდაც იმის გათვალისწინებითაც, რომ შარშან გამოცდაზე გასვლის უფლება ყველა საგნის პედაგოგს არ ჰქონდა), კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდაზე ბუნებრივი უპირატესობა, მაგალითად, ინგლისური ენის მასწავლებლების მხარეს შეიძლება იყოს. სამინისტროს მტკიცებით, ეს უპირატესობა არ არის, რადგან გამოცდაზე მხოლოდ მინიმალურ ცოდნას ითხოვენ. 
 
მასწავლებლების კვალიფიკაციისა და სწავლების ხარისხის ასამაღლებლად, სახელმწიფო რეგულირება კი არ უნდა გაიზარდოს, სკოლებს თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მიეცეთ და კონკურენცია წახალისდეს. ბოლო დროს ამის საპირისპირო ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რაც საერთო კონტექსტს ქმნის – მაგალითად, სახელმძღვანელოების შინაარსის სტანდარტიზება; ვაუჩერული დაფინანსების სახეცვლილება, რაც სკოლებს გაუმჯობესების სტიმულს უმცირებს. ახლა ამას მასწავლებელთა სავალდებულო სერტიფიცირებაც ემატება. სამინისტრო საჯარო სკოლებს ისედაც უდგენს დაქირავების სტანდარტებს, უმტკიცებს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს. ამიერიდან სახელფასო დანამატსაც თავად განსაზღვრავს, თითქოს, ამ საკითხში სკოლაზე უფრო კომპეტენტურია. 
 
კონკურენტულ გარემოში სკოლა მეტი ფინანსების მიზიდვას ახერხებს და კარგ მასწავლებლებს უკეთეს ხელფასსაც გადაუხდის. ვინაა უფრო კვალიფიციური, ან არაკვალიფიციური, ეს თავად სკოლამ შეიძლება გადაწყვიტოს. ამგვარ კონკურენტულ გარემოში მასწავლებელიც მოტივირებულია, რომ უფრო და უფრო უკეთესად ასწავლოს. ამით ის, ერთი მხრივ, ბაზარზე ადგილს შეინარჩუნებს და მეორე მხრივ, მეტ ანაზღაურებას მოიპოვებს. 

კომენტარები