კალათბურთი თბილისში

თბილისი მერიოტის კოხტა ეზოში კალათბურთი ისვენებდა. თან ჩაის სვამდა, თან მობილურზე ტექსტურ შეტყობინებებს ამოწმებდა. კალათბურთმა კალათბურთზე უნდა ისაუბროს, მეგობრული მისია შეასრულოს და მერე, მეგობრებთან ერთად, მოგონებების ზურგჩანთა გახსნას. ბევრი მოგონება წამოვა და კალათბურთი უფრო ბევრს გაიხსენებს. 

გაიხსენებს, რომ 16 წლის წინ რეალს ევროლიგა მოაგებინა და ვერ გაიხსენებს, ფინალში რა გააკეთა.

გაიხსენებს, რომ ადმირალი დევიდ რობინსონი კარცერში გაუშვა და იქ ფრენკ სინატრას ფირფიტა შეუგზავნა. 

გაიხსენებს, რომ შაკი ღლიდა და შაკთან ისვენებდა. 

გაიხსენებს, რომ ლიტვის მდელოში, ოჯახის წევრებთან ერთად წამოწოლა, სენდვიჩების გამზადება და ფორთოხლის წვენის მირთმევა სიამოვნებს.

გაიხსენებს, რომ გასახსენებელი ბევრი აქვს და გაახსენდება, რომ კალათბურთია.

კალათბურთი კაუნასში დაიბადა, ბევრი იმოგზაურა, ბრძენებთან ბრძენი გახდა და ბევრი კარგი ბიჭი უკეთესებში შეიყვანა. 
კალათბურთი რვაჯერ გახდა ევროპაში MVP. შარშან, კალათბურთი FIBA-ს დიდების დარბაზში შევიდა. წელს ნეისმითის დიდების დარბაზის წევრი გახდა. მანამდე იყო ჟალგირისში, ვალიადოლიდში, რეალში, პორტლენდში, ისევ ჟალგირისში. შემდეგ წავიდა, დაისვენა და ჟალგირისში დაბრუნდა. დღეს კლუბის პრეზიდენტია. აქვს თავისი საკალათბურთო სკოლა. ის სკოლა ლიტველებისთვის განსაკუთრებულია. იმ სკოლის მფლობელი ლიტველებისთვის ერთადერთია. თუ კალათბურთი ლიტვაში რელიგიაა, ეს კაცი კარდინალია. 

კალათბურთი ლიტველია. კალათბურთმა თავის დარბაზში ცოტა დრო დაგვითმო. გაგვესაუბრა, პატარა ბურთზე ავტოგრაფი დაგვიტოვა. 
კალათბურთი არვიდას საბონისია.

არვიდას, თქვენი პირველი ან ბოლო შეხვედრა თუ გახსოვთ?
 
პირველი ნამდვილად არ მახსოვს და ბოლო... რაღაც დეტალები ბუნდოვნად უნდა გამახსენდეს. 
 
ევროლიგაზე მაკაბისთან ითამაშეთ.
 
არა, ეგ კი მახსოვს, მაგრამ როგორ ვითამაშე, მაგას ვერ ვიხსენებ. წავაგეთ. უნდა მოგვეგო და ფლეი ოფში გავდიოდით, მაგრამ წავაგეთ. 
 
არვიდას საბონისი მაკაბისთან – 30 წუთი, 29 ქულა, 9 მოხსნა.
 
ნორმალური სტატისტიკაა. ალბათ, ის ბიჭი მართლა კარგი იყო... ჟალგირისი ჩემი ცხოვრებაა. მაკაბისთან, ნებისმიერ სხვა გუნდთან სულ მოგება მინდოდა. ეს არ იყო თავმოყვარე სპორტსმენის ბრმა ამბიცია. ჟალგირისში უემოციოდ, უმოტივაციოდ, უგულოდ ვერ ითამაშებდი. კლუბი გენდობოდა. მეც ვენდობოდი კლუბს და მიყვარდა ჟალგირისი.
 
ლიტვის ნაკრებმა მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე ლიდერების გარეშე თითქმის ყველას მოუგო. ახალი თაობა ძველზე სანდოა?
 
ნდობა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. უბრალოდ, გარკვეული მიზეზების გამო, ნაკრებს თურქეთში არ ჰყავდა 4-5 ძლიერი, სხვაზე გამოცდილი მოთამაშე. მწვრთნელებმა წაიყვანეს სხვები, მაგრამ შემადგენლობა იმდენად თანაბარი, კარგად შერჩეული იყო, რომ ბიჭებმა ერთმანეთი იდეალურად შეავსეს. არ მიყვარს მწვრთნელების სამზარეულოში შესვლა. მე მხოლოდ იქიდან გამოტანილი კერძი მომწონს და ამ კერძის გასინჯვას ყველას გირჩევთ. ლიტვა ლიტვაში თამაშობს. ყველას ჩემპიონობა სურს და ბევრი ვერ ხვდება, რომ მხოლოდ სურვილი და საკუთარი დარბაზის, ფარის ფაქტორი ფინალს ვერ მოგაგებინებს. 
 
ლიტვა, ესპანეთი, სერბეთი, სლოვენია, საფრანგეთი. ამ ხუთეულის გარდა, ვის მიიჩნევთ ფავორიტად?
 
გააჩნია, რა შემადგენლობებით ჩავლენ ლიტვაში გუნდები. ესპანეთმა თურქეთში ვერ მოიგო და მაინც სერიოზული გუნდია. საფრანგეთს კარგი შემსრულებლები ჰყავს, სლოვენიასაც, სერბეთსაც... თურქეთი არ დაგავიწყდეთ. პირველ ეტაპზე ფავორიტები მაქსიმალურად ცოტა ენერგიას დახარჯავენ. ხანგრძლივი ტურნირია და გასავარდნი ეტაპისთვის ლიდერები არ უნდა დაიღალონ. სამწუხაროდ, არ გვეყოლება ლინას კლეიზა. თურქეთში კლეიზა ნაკრების ლიდერი, ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. მისი შეცვლა რთული იქნება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ. 
 
1995 წლის ფინალის დეტალები გახსოვთ? 
 
ევროლიგის ფინალის?
 
დიახ.
 
მახსოვს, რომ მოვიგეთ. მახსოვს, რომ რეალში ვიყავი. მახსოვს, რომ მეორე გუნდმა წააგო. მეტი არაფერი არ მახსოვს. ბოლო დროს, ბევრ რამეს ვერ ვიხსენებ. თქვენ თუ გახსოვთ ის, რაც მე უნდა მეთქვა, შეგიძლიათ დაწეროთ, წინააღმდეგი არ ვიქნები. 
 
რეალმა ფინალში 73:61 მოუგო ოლიმპიაკოსს, თქვენ 23 ქულა, 7 მოხსნა გქონდათ.
 
რეალი ყველაზე კარგი გუნდი იყო. 
 
და არვიდას საბონისი ყველაზე კარგი მოთამაშე. მას შემდეგ რეალს ევროლიგა არ მოუგია. 
 
აუცილებლად მოიგებს. ეს ხომ რეალია. 
 
იგივეს თქმა ჟალგირისზეც შეგიძლიათ? კლუბის პრეზიდენტი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხომ თქვენ ხართ...
 
კი, გეთანხმებით. ჟალგირისიც მოიგებს ბევრ ტურნირს. ლიტვაში კალათბურთი უყვართ. ლიტვაში კალათბურთი ვითარდება და ბედნიერი ვიქნები, თუ ამაში უმნიშვნელო როლს მეც ვითამაშებ. 
 
არ გწყდებათ გული, რომ ამერიკაში სათამაშოდ გვიან, ტრავმების და ოპერაციების შემდეგ ჩახვედით?
 
რაც იყო, იმას ვერ შეცვლი და რაც იყო, იმით ვამაყობ. 
 
ძალიან ბევრი ცენტრის წინააღმდეგ გითამაშიათ. ყველაზე რთული ვისთან იყო?
 
შაკილთან. ფარის ქვეშ შემოდიოდა დიდი, ჭკვიანი, მოძრავი მთა, რომელმაც იცოდა კალათბურთის თამაში. შაკი ფიზიკურად ყველაზე განვითარებული ცენტრი იყო. უდიდესი ძალის და გამძლეობის ცენტრი. შაკთან თამაში რთული და სასიამოვნო იყო. 
 
სხვები?
 
სხვებიც. ჰაკიმ ოლაჯუონი იყო ყველაზე მოძრავი და ჭკვიანი ცენტრი. ცდილობდა სისწრაფით, ინტელექტით დაეღალე და შემდეგ, უფრო იოლად გისრულებდა. სწრაფი იყო ადმირალი, კარგი ცენტრი იყო ალონზო მურნინგი. დღევანდელი გენერაციის ცენტრებიდან კლასიკური ცენტრი მხოლოდ დუაიტ ჰოვარდია. ალბათ, მომავალში ჰოვარდი უფრო სახიფათო, ჭკვიანი გახდება. მისი გამოყენება დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად შეიძლება. დატვირთე, დატვირთე და მაინც არ დაიღლება. ჰოვარდი კარგი ცენტრია. 
 
უკეთესი, ვიდრე საბონისი?
 
ეგ თქვენ უკეთ იცით. 
 
საქართველოში ჩამოსვლამდე საქართველოზე რა გახსენდებოდათ?
 
გუშინ შევხვდი მეგობრებს და იმდენი რამ გავიხსენეთ, საერთოდ არაფერი არ მახსოვს. და თავი მტკივა. ეს ხომ საქართველოა... აქ უამრავი განსაკუთრებული შეხვედრა მაქვს ჩატარებული. თბილისში მოგება რთული და სასიამოვნო იყო. თითქმის ყოველთვის სავსე დარბაზში ვთამაშობდით. თქვენთან კალათბურთი უყვარდათ. დღესაც უყვართ. მინდა, ევროპის ჩემპიონატზე წარმატება და იქიდან ბევრი კარგი მოგონების წამოღება გისურვოთ. 

კომენტარები