„მედიაპალიტრას“ შემოსავლების სამსახური ამოწმებს

მედიაჰოლდინგ „მედიაპალიტრაში“   შემოსავლების სამსახურმა სასაქონლო მატერიალური ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყო.  შემოწმების გამო ჰოლდინგში შემავალი 4 კომპანიის საწყობები დაილუქა . შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ინვენტარიზაცია მიმდინარეობს მედიაპალიტრის შემდეგ საწარმოებში მიმდინარეობს: შპს „ჯეპ“, შპს გამომცემლობა „კოლორი“, შპს „პოლიგრაფიული მასალები“ და შპს გამომცემლობა „პალიტრა L“. შემოსავლების სამსახურის განცხადებით,  არცერთი მათგანი დაფუძნების დღიდან არ შემოწმებულა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის პროცესი ”ხანმოკლე და მარტივი პროცედურაა” და ის ”მედიაპალიტრის” საინფრომაციო საშუალებების მუშაობას ხელს არ შეუშლის.

საგადასახადო სამსახურის მიერ მედიაჰოლდინგის შემოწმებას ოპოზიციურ პარტიებისა და სხვადასხვა მედია საშუალებების პროტესტი მოჰყვა. მათ განაცხადეს, რომ საგადასახადო შემოწმება ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალებაზე  ”რეპრესიების დაწყების” ნიშანია. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მედია საშუალებებმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს ხელისუფლებას ”შეწყვიტოს ზეწოლა მედია ბიზნესზე.”

საგადასახადო სამსახურის მიერ მედიაჰოლდინგში შესვლას დღეს თავად „მედიაპალიტრა“ გამოეხმაურა. ჰოლდინგმა გაავრცელა განცხადება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში დაუგეგმავი შემოწმების ერთდორულად დაწყებას მედიასახლის მუშაობაში მცირე შეფერხებები მოჰყვა“. კერძოდ,  მათი თქმით, სტამბიდან გაზეთების გატანა დაგვიანდა და ამიტომ შეფერხებები შეექმნა გაზეთების დისტრიბუციას. ”მედიაპალიტრის” განცხადებით,  ის  გაზეთები, რომელიც მედისახლში იბეჭდება, მკითხველამდე დაგვიანებით მივიდა. ჰოლდინგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ „ერთდროულად 6 სხვადასხვა შპს-ში მოულოდნელი შემოწმების დაწყება ლოგიკურად ბადებს ეჭვს და იწვევს შეშფოთებას, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა, მოხდეს მედიასახლზე გარკვეული ზეწოლა.”   

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გარდა მცირედი შეფერხებებისა,  ”მედიაპალიტრის” საინფორმაციო საშუალებები მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ.

შემოსავლების სამსახურმა კი პოლიტიკურ პარტიებს მედიაჰოლდინგის სტრუქტურებში მიმდინარე შემოწმების პოლიტიზირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, ანა გოგიჩიძის განცხადებით, სამსახური ”კანონით განსაზღვული პროცედურებით მოქმედებს და ამაში მას პოლიტიკურმა ძალებმა ხელი არ უნდა შეუშალონ.” გოგიჩიძის თქმით, შემოწმების შესახებ სრულ  ინფორმაციას სამსახური საზოგადოებას ”დროულად მიაწვდის.” 

კომენტარები