კოკოითი: ჩემს სიტყვებს უკან არ წავიღებ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ დე ფაქტო გენერალურ პროკურორს თეიმურაზ ხუგაევს დაავალა სამ დღეში გამოიძიოს ადამიანთა ჯგუფის მიერ გუშინ ცხინვალის ე.წ. პარლამეტში შევარდნისა და  ”პარლამენტარებზე” ზემოქმედების მცდელობა.  კოკოითის განცხადება დღეს მის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.   „ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და ნებისმიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინიციატივის წამოყენება კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა ხდებოდეს,“ ნათქვამია განცხადებაში. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება იმ თანამდებობის პირთა ქმედებებს მიაქციოს, რომლებიც ”პარლამენტის წევრებზე” ზემოქმედებას ცდილობდნენ.

გუშინ  ცხინვალში ე.წ. პარლამენტის შენობაში ორასამდე შეიარაღებული ახალგაზრდა შეიჭრა.  ისინი დეპუტატებისგან კონსტიუტუციაში იმ ცვლილების დაუყოვნებლივ შეტანას მოითხოვდნენ, რომელიც  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის მისცემს უფლებას მესამედ იყაროს კენჭი ”პრეზიდენტის”  პოსტზე.

შეიარაღებულ პირებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის  თავდაცვის მინისტრის მოადგილეები  იბრაგიმ გასეევი და იგორ ალბოროვი, ასევე სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი გენადი კოკოითი ხელმძღვანელობდნენ. შეიარაღებულმა პირებმა ”პარლამენტარები” შენობაში ჩაკეტეს და 12 მათგანი აიძულეს ხელი მოეწერათ  ”კონსტიტუციაში” ცვლილების შეტანის შესახებ მოთხოვნაზე.

„უკანონო ფორმით დეპუტატთა კორპუსზე ნებისმიერი ზემოქმედება მკაცრად უნდა აღიკვეთოს,” განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. კოკოითიმ აღნიშნა რომ, ის თავის სიტყვას უკან არ წაიღებს და მესამე ვადით კენჭს არ იყრის.  „სახალხო სიყვარულის ასეთი დემინსტრირება  მხოლოდ დაძაბულობას ქმნის საზოგადოების სხვადასხვა ფენებში და იწვევს ვითარების დესდტაბილიზაციას,“ აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი. კოკოითი ირწმუნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები  ნოემბერში ”მოქმედი კანონმდებლობის მკაცრი დაცვით ჩატარდება” და  ვითარება ცხინვალის რეგიონში  „სტაბილური და კონტროლირებადი დარჩება.“ 

ინციდენტი ცხინვალში მას შემდეგ მოხდა, რაც 14 ივნისს რეჟიმის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ცხინვალის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოდგილე  იბრაგიმ გასეევის მიერ სასამართლოში შეტანილი ინიციატივა რეფერენდუმის გამართვაზე პიროვნებისთვის საპრეზიდენტო პოსტის ზედიზედ სამჯერ დაკავებასთან დაკავშირებით. იმავე დღეს  საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა  განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო, ის მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს. კოკოითის   ”საპრეზიდენტო ვადა” 2011 წლის ნოემბერში იწურება. 

კომენტარები