პროკურატურა ბიწაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სახალხო კრების ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. პროკურატურის განცხადებით, ბიწაძისთვის აღკვეთის ღონისძიება ადრე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) პირობების დარღვევის გამო დამძიმდა.

31 მაისს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ბადრი ბიწაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ კი,  წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ  პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1 ივნისს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.  სასამართლოს გადაწყვეტილებს გამოქვყენების შემდეგ, ბიწაძის მეუღლემ, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა,   ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მათი ოჯახი გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

ბადრი ბიწაძე 26 მაისს პარლამენტთნ მიმდინარე შეკრების დაშლის შემდეგ მალვაშია. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.




კომენტარები