გილაური: რიკოთზე აღდგენითი სამუშაოები 14 დღეში დასრულდება

მაშველებმა რიკოთის უღელტეხილზე მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად დაღუპული მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ერთი ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება. სავარაუდოდ, ისიც რესტორან ”რიკოთის” თანამშრომელია, რომელიც ნიაღვარმა წაიღო. საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ამჟამად რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.  დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოსკენ მოძრავ ყველა სახის ტრანსპორტს გადაადგილება გვირაბის გავლით შეუძლია. საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანებს კი კვლავ  საჩხერისა და ახალციხის შემოვლითი გზებით უწევთ მოძრაობა. რიკოთის უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოები გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

 სპეციალისტებმა მოვარდნილი წყლის მიმართულების შესაცვლელად მიწაში სანიაღვრე მილები ჩაამონტაჟეს, რომლის საშუალებითაც წყალი მდინარე სურამულას უნდა შეუერთდეს. სამუშაოებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ხელმძღვანელობენ.

პრემიერ მინისტრმა, რომელიც ადგილზე თავად იმყოფებოდა,   განაცხადა, რომ რიკოთის უღელტეხილზე ბოლო 50 წლის მანძილზე მოვარდნილი უძლიერესი ღვარცოფის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მილიონზე მეტ ლარს შეადგენს. მისი თქმით, აღდგენითი სამუშაოებისთვის მობილიზებული იქნება 1000-მდე  მუშა. „სავარაუდოდ სამ დღეში დასრულდება პირველადი აღდგენითი სამუშაოები და 14 დღეში ეს გზა დაუბრუნდება იმ პირვანდელ მდგომარეობას, რომელიც მანამდე იყო,” აღნიშნა ნიკა გილაურმა.

ღვარფოფმა დააზიანა აღმოსავლეთ და დასავლეთ  საქართველოს დამაკავშირებელი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, რომელიც  საერთაშორისო ტრანზიტისთვისაც გამოიყენება. პრემიერ მინისტრის თქმით,  აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე გაკეთდება სპეციალური რიგი, რომელიც 10–20 ტრაილერს ერთ საათში რიკოთის გავლის საშუალებას მისცემს, ხოლო დანარჩენი მანქანები საჩხერე–ჭიათურის ალტერნატიული მარშრუტით ისარგებლებენ.

კოკისპირულმა წვიმებმა ხაშურის რაიონიც დააზარალა. დაბა სურამსა და ქალაქ ხაშურში წყალი შევარდა თითქმის ყველა საცხოვრებელ სახლში. წყალდიდობის შედეგად დაზიანდა დუშეთის რაიონი, სადაც წაღებულია ხიდები და გზები. ახმეტაში, ყვარელში, გურჯაანსა და თელავში სახლები და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დაიტბორა.

კომენტარები