სომეხმა ეპისკოპოსმა ქართული ეკლესია ”არატოლერანტულობისთვის” გააკრიტიკა

 სომხური ეკლესიის მეთაურის საქართველოში ვიზიტის დროს ქართული ეკლესიის  ”არატოლერანტული დამოკიდებულება სომხური თემის მიმართ ნათლად ჩანდა,” განაცხადა სომეხმა ეპისკოპოსმა, არშაკ ხაჩატრიანმა, იუწყება armenianow.com. სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის დროს სომხეთის კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს არ მოუნახულებია ნორაშენის ეკლესია თბილისში და სურბ ნშანის ეკლესია ახალციხეში, რადგან, ეპისკოპოსის თქმით, ეს ქართულ მხარეს არ სურდა. ”კონტრარგუმენტების გამოყენებით ქართული ეკლესია ცდილობს შეაფერხოს ჩვენი მოთხოვნები სომხური საზოგადოების სულიერი საჭიროებების შესახებ, თუმცა ეს კონტრარგუმენტები ხელოვნურია,” თქვა სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა. ასეთ კონტრარგუმენტებს შორის ეპისკოპოსმა სომხეთში ქართული თემის იურიდიული სტატუსის საკითხი და სომხეთში ქართული ეკლესიების დაარსების მოთხოვნა დაასახელა.

გარეგინ მეორის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებას კი ეპისკოპოსმა ხაჩატრიანმა ”ეთიკის კუთხით უადგილო” უწოდა, თუმცა დასძინა, რომ ”სომხეთის კათოლიკოსი პატივს სცემს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ასაკსა და გამოცდილებას და მის განცხადებაზე კომენტარისგან თავს შეიკავებს.”

19 ივნისს სომხეთის პატრიარქის, გარეგინ მეორის საქართველოში ვიზიტის შესახებ საუბრისას ილია მეორემ განაცხადა, რომ სომხეთის ეკლესიის მეთაური ”ახალგაზრდაა და მეტი გამოცდილება სჭირდება.” ”ის ჭკვიანი კაცია, მაგრამ ყველაფერი სასწრაფოდ უნდა და ასე არ გამოდის,” აღნიშნა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს. კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, გარეგინ მეორის საქართველოში ვიზიტის დროს, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხეთში ქართული ეკლესიის სტატუსი იგივე უნდა იყოს, როგორიც სომხური ეკლესიისა საქართველოში. 

კომენტარები