აჰმადინეჟადის კიდევ ერთი მოკავშირე დააკავეს

ირანში პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის კიდევ ერთი ახლო მოკავშირე დააკავეს. დაპატიმრებულია მოჰამად შარიფ მალეკზადე, რომელიც რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადადგა ულტრაკონსერვატორების მხრიდან ზეწოლის გამო. მას კორუფციასა და ქვეყნის თეოკრატიული მოწყობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. მაისში ირანელმა სამართალდამცველებმა აჰმადინეჟადის ახლო გარემოცვის წარმომადგენლები ჯადოქრობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, ისინი ”ზებუნებრივ ძალებს” იყენებდნენ  და ”ჯინებს იძახებდნენ.”

ირანის პრეზიდენტის მოკავშირეების დაკავებას აჰმადინეჟადსა და ქვეყნის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შორის დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირებენ. პრეზიდენტმა ბოლო დროს მთავრობაში ცვლილებები ხამენეისთან კონსულტაციის გარეშე განახორციელა. აჰმადინეჟადის ოპონენტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ქმედებები ისლამურ ფასეულობებს ზიანს აყენებს.

22 აპრილს აჰმადინეჟადმა ბოიკოტის ნიშნად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაც კი შეწყვიტა და სამსახურს მხოლოდ 10 დღის შემდეგ დაუბრუნდა. პრეზიდენტსა და ირანის სულიერ ლიდერს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც აჰმადინეჟადის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული ირანის დაზვერვის უფროსი აიათოლა ალი ხამენეიმ კვლავ დანიშნა თანამდებობაზე. 

კომენტარები